15 Nov 2010

ერთი დღე თბილისში

ეს დღე საინტერესო გამოწვევას მპირდებოდა, ამას უკვე რამდენიმე დღეა ვგრძნობდი, უკვე წინასწარ მქონდა გათვლილი მატარებლიდან ფეხის ჩამოდგმიდან სად, რამდენ ხანს დავრჩებოდი, ასევე სავარაუდო შედეგები.
სამწუხაროდ, "სუში" გამოირიცხა, რადგან მარტო იქ შესვლა არ მინდოდა, ხოლო ჩემს მეგობრებს სხვა გეგმები ჰქონდათ.
ისე ვინმემ მირჩიეთ, ღირს მანდ შესვლა? აი რუსთაველზე რომ არის.
მოკლედ, მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე პირველ რიგში ფეხსაცმელი გავაპრიალებინე, ძალიან გამიხარდა დილის შვიდის ნახევარზე ფეხსაცმლის მწმენდავის აღმოჩენა, რატომ? მახსოვს დაახლოებით 10 წლის წინ იგივე დროს, რომ ჩამოვდიოდი მატარებლიდან, ზომბების ქალაქს ჰგავდა თბილისი. ფეხსაცმლის მწმენდავები (მათთვის იქნება რამე ერთსიტყვიანი სახელი, ოღონდ არ მახსენდება) უმეტესად ან სომხები, ანაც ქურთები უნდა იყვნენ, უნდა ითქვას ძალიან ამაყობენ თავიანთი პროფესიით, თავის ჩოთქს გაუსვ–გამოუსვა ხელი და კითხვაზე ჩემს მეგობარს უპასუხა: "პროფესინალურებია ეგენი", თავისი პატარა ყუთიდან რას და რას არ ამოალაგებს, 5 სხვადასხვა ზომის "ჩოთქებს", ფეხსამლის ხელში სადებებს, კბილის ჯაგრისს – იმპროვიზირებულ ფეხსაცმლის კანტის საწმენდს და ფეხსაცმლის ფერის მიხედვით საპოხ ცხიმს, როგორც თვითონ თქვა, აქვს შავი, "კარიჩნი", უფერო, წითელი და მწვანე. მწვანე საიდანღა გაქვსო, შეედავა მეორე, მწვანე როგორ არ მაქვს, "ჟოლტი რა" უკეთ განმარტა მწმენდავმა.
ასე თუ ისე მაგ კაცმა საკუთარი საქმე იცოდა და საქმის საფასურიც აიღო.
რადგან მატარებლიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით, გადავწყვიტეთ (პრინციპში რა გადაწყვეტა ამას უნდოდა :)) გვესაუზმა, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა რუსთაველზე მდებარე რესტორანი .
უნდა ითქვას, მე ინტერიერი ძალზე მომეწონა, მეგრული ხაჭაპურიც უგემრიელესი იყო, ცოტა მეუცნაურა ვარდის არომატიანი ჩაი და ასევე სამარილე და საპილპილე, რომელსაც ორივეს რატომღაც SALT ეწერა.
ამის შემდეგ წავედით საყიდლებზე, ბევრი არაფერი იყო, მაგრამ თუ რამე მაქვს საყიდი, ყოველთვის მივდივარ დინამოს ბაზრობაზე, იქ კი შესაძლებლობის და მოთხოვნილების ფარგლებში, ან კიდობანში, ან პასაჟში, ან უბრალოდ ბაზრობაზე. ამჯერად ბაზრობაზე შევედით. რადგან ადრიანი დილა იყო საკმაოდ თავისუფლად დავდიოდით, გამყიდველების ნაწილს უკვე ამოელაგებინა თავისი საქონელი, ნაწილი კი ჯერ მხოლოდ ფუთებს ეზიდებოდა საწყობიდან, ერთმა იმის დასტურად რომ ტყუილს არ ამბობდა, ხატი ამოიღო დახლს ქვემოდან, ის რომ იგი გამონაკლისი არ იყო, გამოსვლისას მივხვდით, როცა საკმევლის ძლიერი სურნელი ვიგრძენით.
აქ გამახესნდა ერთი პატარა ამბავი, რომელსაც მე შემთხვევით შევესწარი, საკრედიტო ექსპერტი უტარებს ანალიზს კლიენტის ჩანაწერებს და ეკითხება ნამდვილად შეესაბამება თუ არა რვეულში მოცემული სინამდვილეს, კლიენტი კი პასუხობს: "მართალია აბა რა, ეხლა მარხვაზე ვარ და მარხვის დროს ტყუილი არ შეიძლება" .
სასაცილოა, თითქოს სხვა დროს ნებადართული იყოს.
დათქმულ დროს მივედით შერატონ მეტეხი პალასში, ჩემი მეგობრები უკვე ბარში იჯდნენ და ყავაზე მიმიპატიჟეს, სიამოვნებით დავთანხმდი, თუმცა როდესაც ვნახე რომ ყავას პლასტმასის მადუღარით ადუღებდნენ, რომელიც იქვე გაფუჭდა, ხოლო შემდეგ ვნახე თუ რა თანხა ჩადო ჩემმა ამხანაგმა ჩეკის წიგნში, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, უხერხულობას უფრო ამძფრებდა ასევე ყავის გემო, რომელიც ნამდვილად ვერ იყო კარგი მოდუღებული.
თამაში მშვენიერი გამოვიდა, თუმცა შედეგით ვერ ვიამაყებ, ვნახოთ, ვნახოთ...
შინ ჩემს მასპინძლებთან დაბრუნებისას სულ თვალზე მკბენს წერეთელზე მდებარე "კარებების სამყარო", რა უბედურებაა კარებები? კარის მრავლობითი ფორმაა კარები და კარებები რაღაა?
სუპერმარკეტ "იბისი"ს შესასვლელთან დავლანდე დანჯღრეული ოპელი, რომელზე დიდი ასოებით იკითხებოდა <<დაცვის სამსახური – მგლები>>, ძალიან მაგარია მგლები რომ გიცავენ, სხვა ვიღა დაგესხმება უარესი?
ნუ, გზაში კიდევ ვნახე ბევრი საინტერესო რამ, რაზეც საკმაოდ ვიხალისე, მაგრამ სურათის გადაღების ხასიათზე არ ვიყავი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სამარილე–საპილპილეს ვერაფრით გადავუღე მკვეთრი ფოტო. შესაბამისად დოკუმენტების გარეშე უაზროა, ხოლო ამ ყველაფერ დანარჩენზე სიტყვაზე უნდა მენდოთ.
ეს იყო ჩემი ერთი დღე თბილისში.