20 May 2012


ჩემი მეზობელი უცნაური ვინმეა, თუმცა... ალბათ ჩემთვის არის უცნაური, თორემ ზოგადად ქართველები ვართ ასეთი უცნაურები, ამიტომ ბოდიშს ვითხოვ, თავიდან... ქართველები უცნაური ხალხი ვართ, ერთის მხრივ, მოგვწონს და ვამაყობთ ჩვენი კულტურით, თვალზე ცრემლი გვადგება თუ ვინმე უცხოელი ქართულად ორ კუპლეტს წაიმღერებს, ბახუსივით დამცინავად გვეღიმება როდესაც ევროპელებს კახური ღვინო ქეჩოთი დაითრევს და აძახებინებს თბილისის ანძა სჯობია ეიფელსო. უკვე 30 წელი გავიდა და მეტიც და არ გვავიწყდება რომ 1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ თასების თასი აიღო, და რომ "სტალიცა გრუზიი" მაშინ თავდაყირა დადგა, ხალხი გამოდიოდა და სტადიონის ბალახს კოცნიდაო გამიგია. კიდევ უფრო მეტი დრო გავიდა იმ მომენტიდან ვიღაც გადარეულს აზრად რომ მოუვიდა უცხო პლანეტარული ცივილიზაციისთვის "მესიჯი" გაეგზავნა, მათ შორის ყველა ქვეყნის საუკეთესო სიმღერა (თუ მსოფლიოს 10 საუკეთესო დანამდვილებით არც ვიცი), მოკლედ ისე მოხდა, რომ საუკეთესოებს შორის ქართული ხალხური "ჩაკრულო"ც მოხვდა, ამ ფაქტს დღემდე დიდის ამბით და სიამაყით იხსენებს ბევრი, თუმცა სხვა დანარჩენი საუკეთესოები რომელი იყო ამაზე სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვიან. საქართველოში ძალიან ამაყობენ "ვეფხისტყაოსნით", მიიჩნევენ რა, რომ ამ პოემაში არის გადმოცემული ქართული რაინდობის და სიყვარულის მაგალითი, თუმცა რეალურად (ჩემი აზრით) ჩვენი ცხოვრების სამაგალითო ნიმუში უფრო "კაცია ადამიანი"–ა. პირველ რიგში რაც თვალშისაცემია: ძალიან უმადური, პატივმოყვარე, შურიანი და უნდობი ხალხი ვართ. ხშირად თვალში მხვდება სხვადასხვა სტატისტიკა, საქართველო დემოკრატიის ინდექსით 109 ადგილზეა, პრესის თავისუფლების ინდექსით 99–ზე (ადგილები სამაგალითოდ მომყავს და არ შემომედავოთ ეხლა ამაზე :) ) ფიფას რეიტინგშიც კი ძლივს შევედით ასეულში და საკმაოდ წინ წავიწიეთ ბოლო ორ წელიწადში (მადლობა თემურ), თუმცა საუბარი ამაზე არ არის, მე ყურადღებას გავამახვიელბ ჩვენს დამოკიდებულებას ამგვარი ინფოსადმი. ჩემი აზრით, დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი: სამწუხაროა, რა შეიძლება გავაკეთო მე, რომ ჩემმა ქვეყანამ უკეთესად იცხოვროს? ან ასეთი: მოდი გავარკვევ, რის გამო გვაქვს ასეთი დაბალი შედეგი. სამწუხაროდ მე ჯერ ესეთი კომენტარები არ მომისმენია, ძირითადად არის მსგავსი ტიპის: რას გვიშვება ეს მთავრობა, ამათი დედაც... ან ესეთი: არაფრის კეთება ამათ არ იციან. ჩვენ სხვებს ვუყურებთ და მათ იმედზე ვართ და ამავე დროს მათ არ ვენდობით, გვინდა რომ ვიყოთ მაღლა და ამავე დროს ვერ წარმოგვიდგენია როგორ უნდა ვიყოთ გერმანიაზე და შვეიცარიაზე წინ და ეს გასაგებიცაა, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, არაფრის კეთებით კი საქმე წინ ვერ მიდის, გვრჩება მხოლოდ იმედი, რომ ოდესღაც ზღაპრული ჯოხით საქართველო ერთ დღეში გაბრწყინდება.