15 Nov 2010

ერთი დღე თბილისში

ეს დღე საინტერესო გამოწვევას მპირდებოდა, ამას უკვე რამდენიმე დღეა ვგრძნობდი, უკვე წინასწარ მქონდა გათვლილი მატარებლიდან ფეხის ჩამოდგმიდან სად, რამდენ ხანს დავრჩებოდი, ასევე სავარაუდო შედეგები.
სამწუხაროდ, "სუში" გამოირიცხა, რადგან მარტო იქ შესვლა არ მინდოდა, ხოლო ჩემს მეგობრებს სხვა გეგმები ჰქონდათ.
ისე ვინმემ მირჩიეთ, ღირს მანდ შესვლა? აი რუსთაველზე რომ არის.
მოკლედ, მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე პირველ რიგში ფეხსაცმელი გავაპრიალებინე, ძალიან გამიხარდა დილის შვიდის ნახევარზე ფეხსაცმლის მწმენდავის აღმოჩენა, რატომ? მახსოვს დაახლოებით 10 წლის წინ იგივე დროს, რომ ჩამოვდიოდი მატარებლიდან, ზომბების ქალაქს ჰგავდა თბილისი. ფეხსაცმლის მწმენდავები (მათთვის იქნება რამე ერთსიტყვიანი სახელი, ოღონდ არ მახსენდება) უმეტესად ან სომხები, ანაც ქურთები უნდა იყვნენ, უნდა ითქვას ძალიან ამაყობენ თავიანთი პროფესიით, თავის ჩოთქს გაუსვ–გამოუსვა ხელი და კითხვაზე ჩემს მეგობარს უპასუხა: "პროფესინალურებია ეგენი", თავისი პატარა ყუთიდან რას და რას არ ამოალაგებს, 5 სხვადასხვა ზომის "ჩოთქებს", ფეხსამლის ხელში სადებებს, კბილის ჯაგრისს – იმპროვიზირებულ ფეხსაცმლის კანტის საწმენდს და ფეხსაცმლის ფერის მიხედვით საპოხ ცხიმს, როგორც თვითონ თქვა, აქვს შავი, "კარიჩნი", უფერო, წითელი და მწვანე. მწვანე საიდანღა გაქვსო, შეედავა მეორე, მწვანე როგორ არ მაქვს, "ჟოლტი რა" უკეთ განმარტა მწმენდავმა.
ასე თუ ისე მაგ კაცმა საკუთარი საქმე იცოდა და საქმის საფასურიც აიღო.
რადგან მატარებლიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით, გადავწყვიტეთ (პრინციპში რა გადაწყვეტა ამას უნდოდა :)) გვესაუზმა, ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა რუსთაველზე მდებარე რესტორანი .
უნდა ითქვას, მე ინტერიერი ძალზე მომეწონა, მეგრული ხაჭაპურიც უგემრიელესი იყო, ცოტა მეუცნაურა ვარდის არომატიანი ჩაი და ასევე სამარილე და საპილპილე, რომელსაც ორივეს რატომღაც SALT ეწერა.
ამის შემდეგ წავედით საყიდლებზე, ბევრი არაფერი იყო, მაგრამ თუ რამე მაქვს საყიდი, ყოველთვის მივდივარ დინამოს ბაზრობაზე, იქ კი შესაძლებლობის და მოთხოვნილების ფარგლებში, ან კიდობანში, ან პასაჟში, ან უბრალოდ ბაზრობაზე. ამჯერად ბაზრობაზე შევედით. რადგან ადრიანი დილა იყო საკმაოდ თავისუფლად დავდიოდით, გამყიდველების ნაწილს უკვე ამოელაგებინა თავისი საქონელი, ნაწილი კი ჯერ მხოლოდ ფუთებს ეზიდებოდა საწყობიდან, ერთმა იმის დასტურად რომ ტყუილს არ ამბობდა, ხატი ამოიღო დახლს ქვემოდან, ის რომ იგი გამონაკლისი არ იყო, გამოსვლისას მივხვდით, როცა საკმევლის ძლიერი სურნელი ვიგრძენით.
აქ გამახესნდა ერთი პატარა ამბავი, რომელსაც მე შემთხვევით შევესწარი, საკრედიტო ექსპერტი უტარებს ანალიზს კლიენტის ჩანაწერებს და ეკითხება ნამდვილად შეესაბამება თუ არა რვეულში მოცემული სინამდვილეს, კლიენტი კი პასუხობს: "მართალია აბა რა, ეხლა მარხვაზე ვარ და მარხვის დროს ტყუილი არ შეიძლება" .
სასაცილოა, თითქოს სხვა დროს ნებადართული იყოს.
დათქმულ დროს მივედით შერატონ მეტეხი პალასში, ჩემი მეგობრები უკვე ბარში იჯდნენ და ყავაზე მიმიპატიჟეს, სიამოვნებით დავთანხმდი, თუმცა როდესაც ვნახე რომ ყავას პლასტმასის მადუღარით ადუღებდნენ, რომელიც იქვე გაფუჭდა, ხოლო შემდეგ ვნახე თუ რა თანხა ჩადო ჩემმა ამხანაგმა ჩეკის წიგნში, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი, უხერხულობას უფრო ამძფრებდა ასევე ყავის გემო, რომელიც ნამდვილად ვერ იყო კარგი მოდუღებული.
თამაში მშვენიერი გამოვიდა, თუმცა შედეგით ვერ ვიამაყებ, ვნახოთ, ვნახოთ...
შინ ჩემს მასპინძლებთან დაბრუნებისას სულ თვალზე მკბენს წერეთელზე მდებარე "კარებების სამყარო", რა უბედურებაა კარებები? კარის მრავლობითი ფორმაა კარები და კარებები რაღაა?
სუპერმარკეტ "იბისი"ს შესასვლელთან დავლანდე დანჯღრეული ოპელი, რომელზე დიდი ასოებით იკითხებოდა <<დაცვის სამსახური – მგლები>>, ძალიან მაგარია მგლები რომ გიცავენ, სხვა ვიღა დაგესხმება უარესი?
ნუ, გზაში კიდევ ვნახე ბევრი საინტერესო რამ, რაზეც საკმაოდ ვიხალისე, მაგრამ სურათის გადაღების ხასიათზე არ ვიყავი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სამარილე–საპილპილეს ვერაფრით გადავუღე მკვეთრი ფოტო. შესაბამისად დოკუმენტების გარეშე უაზროა, ხოლო ამ ყველაფერ დანარჩენზე სიტყვაზე უნდა მენდოთ.
ეს იყო ჩემი ერთი დღე თბილისში.

27 Oct 2010

ყომარი

– დღეს ვინ თამაშობს?
– მილანი რეალი.
– გატეხავს ვითომ მილანი?
– აბა რას იზამს? გალიანი ისეთ მაყუთს მოღუნავს აი ნახავ, ტაიმბოლს დაასმევინებს მილანს, ისევე როგორც ლივერპულთან.
მას შემდეგ რაც ამ დიალოგს მოისმენ, ცოტა ძნელია მილანის მოგებაზე დადება, რაც არ უნდა იყოს საქართველოში ჩაწყობების თემა ისეთია, რომელსაც დაწყებული პოლიტიკიდან დამთავრებული ბავშვის მოწყობით საბავშვო ბაღში ყველგან აქვს თავისი დამპალი ფესვი გადგმული.
ჩემთვის ვიკითხე, ვის აწყობს ჩაწყობილი თამაში (ანუ წინასწარ ცნობილი შედეგი)? რა თქმა უნდა ტოტალიზატორს ეგრევე მეტყვის ჩემი თანამშრომელი და ისევ განაგრძობს ტოტალიტორის ბილეთში იმ მატჩების შევსებას, რომელიც მისი აზრით არ "გატყდება".
სხვათა შორის ეს თემა იმდენად აქტუალურია, რომ არსებობს ასეთი თეორია თუ როგორ "ტეხავენ" თამაშს: თურმე ტოტალიზატორებს აქვთ საერთო ბაზა, სადაც ჩანს რომელ თამაშზე და რომელ შედეგზე ხდება ყველაზე მეტი თანხის დადება (რომელი "იგრუზება"), მაგალითად: მილანი რეალი, უმრავლესობამ (ვთქვათ 60%) აირჩია მილანის 1X, ასეთ შემთხვევაში ტოტალიზატორი აიძულებს გუნდებს ითამაშონ ისე, რომ რეალმა აუცილებლად მოიგოს, რის შედეგადაც მოთამაშეების 60 % ფულს აგებს, მაგრამ იგებს ტოტალიზატორი.
ეხლა კი გავარკვიოთ, დამკვეთი: 1. შეიძლება იყოს ტოტალიზატორი 2. ვინმე იქსი ვისაც საკმაო ძალაუფლება აქვს გუნდებზე. გუნდები: 1. არაფერი იციან ჩაწყობის შესახებ ყველაფერს აგვარებს მსაჯი. 2. გუნდებმა ყველაფერი იციან.
თუ დამკვეთი ტოტალიზატორია და გუნდებმა არაფერი იციან ჩაწყობის შესახებ, ეს ყველაფერი ძალიან სარისკოა რადგან არის შემდეგი ფაქტორები:
1. მსაჯი თამაშის ბედს წყვეტს მხოლოდ თანაბარი თამაშის დროს. 2. რა გარანტია აქვს ტოტალიზატორს, რომ თამაშის მსვლელობისას არ შეიცვლება თანხების განაწილება საპირისპირო მხარეს (ცოცხალს ყველა ტოტალიზატორი თამაშობს). 3 ტოტალიზატორი ძალიან დიდ რისკზე მიდის, რადგან ყველა მსაჯი ერთნაირი მადის და სინდისის არაა, ის ვინც ერთხელ იყიდე, შეიძლება უფრო ძვირად სხვამ იყიდოს :) ბოლო–ბოლო კონკურენტმა ტოტალიზატორმა :))
საბოლოოდ გამომდინარე უბრალო დაკვირვებიდან, ტოტალიზატორისთვის თამაშის ყიდვას უბრალოდ აზრი არ აქვს, პირიქით, ტოტალიზატორისთვის უფრო სასარგებლოა, რომ თამაში არავინ იყიდოს და თამაში არ იყიდებოდეს. სხვა შემთხვევაში ტოტალიზატორი ასეთ თამაშს არ ითამაშებს.
შემთხვევა მეორე: დამკვეთი ვინმე იქსი, გუნდების წევრებმა ყველაფერი იციან, მსაჯი უბრალო დამკვირვებელია :)
მივყვეთ ასეთ შემთხვევაში არსებულ რისკ–ფაქტორებს:
1. რითია დაზღვეული იქსი, რომ მისი ნაყიდი გუნდი სხვას არ მიჰყიდის უფრო ძვირად თამაშის შედეგს? 2. თანამედრო ევროპაში სადაც გუნდიდან გუნდში ისეთი სისწრაფით გადადიან ფეხბურთელები, რომ მათ შეძულებას და შეყვარებას ვერ ასწრებ კაცი, ცოტა რთულია წარმოსადგენია შექმნა გუნდში ისეთი მკაცრი წესების საძმო, რომ სიტყვაც კი არ გადიოდეს გარეთ, არაფერს ვამბობ მსახიობურ ნიჭზე, ცრემლებზე და ა.შ. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ მისაღებია ის ფაქტიც, რომ ამ საიდუმლოს ინიციაციას ფეხბურთელი საფეხბურთო სკოლაში გადის და იმდენად ეფექტურია, რომ მხოლოდ ქართველებმა შევძელით მათი საიდუმლო ჩანაფიქრის ამოცნობა :)

საბოლოოდ კი, ნუ შეშინდებით მილანის ფანები. თავში მოყვანილი დიალოგი მოდელირებული იყო :)))

14 Oct 2010

ღვინის შესახებ (ნაწილი პირველი)


დღეს სვეტიცხოვლობაა, ხუთშაბათი დღე, გონებაში დილიდანვე მომდის აზრები სვეტიცხოვლის შესახებ, მისი ისტორიის და მასთან ასოცირებული ადამიანების ბედის შესახებ. ხუროთმოძღვარი არსუკისძე, მეფე გიორგი პირველი, მანამდე არსებული ხის ეკლესია რომელიც მეფე მირიანმა ააგო, სავარაუდოდ ბაზილიკის ტიპის იყო და გაცილებით მომცრო ვიდრე დღეს არსებული ტაძარი...
თუმცა ვინ გაცალა დღესასწაულზე ფიქრი, მამაჩემმა რადგან სახლში დამიგულა (სვეტიცხოვლობა ოფიციალური სახელმწიფო დასვენების დღეა) სასწრაფოდ საქმე მომინახა, რადგან სხვა დღეებში ამისთვის ვერ ვიცლით ის რამდენიმე მტევანი უნდა მოგვეკრიფა ჩვენს რამდენიმე ძირ ვაზს რომ შემორჩენოდა, ხათრი ვერ გავუტეხე და საქმეს შევუდექი, თუმცა უნდა ითქვას დასაკრეფი დიდი ვერაფერი იყო, ჯერ ისედაც აქაური ყურძენი რა არის, მით უმეტეს ვერც გასხვლისთვის მოვიცალე წელს და ვერც შესაწამლად, მოკლედ ძალიან ცუდი მოსავალია.
მართალი რომ ვთქვა გული არ დამწყვეტია, რადგან როცა წელს ვიწყვეტდი და თავს ვევლებოდი, არც მაშინ იყო გადასარევი მოსავალი. ასე თუ ისე, ფორმალურად მაინც დავიწყე საათნახევრიანი რთველი :)
უცნაურია, მაგრამ რთველის დროს ყოველთვის ვფიქრობ (მეფიქრება) სახარების სხვადასხვა ეპიზოდებზე, ეხლაც, ამ მწირი მოსავლის შემყურეს უნებურად გამახენდა სახარების ერთი ეპიზოდი, არ მახსოვს რომელი მახარობლის წიგნშია მოთხრობილი, საუბარი მაქვს სასწაულზე კანაში. იმაზე საუბარი, თუ როგორი გონების ჯაჭვები დავგრიხე, სანამ აქამდე მივიდოდი შორს წაგვიყვანს, თუმცა ამ ეპიზოდის შინაარსი ახლებურად დავინახე, პირველი დეტალი: რატომ შემოაკლდა ღვინო მასპინძელს? მას ხომ ქორწილი ჰქონდა? ეს არ არის ისეთი ზეიმი, რომელიც სახელდახელოდ იმართება, სტუმრებიც წინასწარ მოწვეულნი არიან, ხოლო ის ფაქტი, რომ მარიამ ღვთისმშობელი იესოსთან მივიდა და ჩუმად სთხოვა რამე გაეკეთებინა, მოწმობს ერთ ფაქტს, რომ ისრაელში, ისევე როგორც ჩვენთან ღვინის დამთავრება შუა სუფრაზე დიდი სირცხვილია, ასევე სავარაუდოა რომ იესო ნათესავი იყო ამ ადამიანის და მასაც არ ესიამოვნა ეს ფაქტი, რაც გამოვლინდა კიდეც მის უხეშ პასუხში, აშკარა უარში, რომ ის არაფერს იღონებდა მასპინძლის დასახმარებლად, თუმცა საბოლოოდ მაინც სასწაულებრივად აქცია წყალი ღვინოდ და ძუნწი მასპინძელი გადაარჩინა მოსალოდნელ გაკიცხვას. რა დასკვნა გამოვიტანე?
მასპინძელი (სავარაუდოდ იესოს ნათესავი) ძუნწი ადამიანი იყო, ამასვე მოწმობს სუფრის თამადის (თუ ვინც იყო:) სიტყვები: "ჯერ კარგი ღვინო შემოაქვთ დასათრობად და მერე ცუდი, შენ კი ჯერ ცუდი შემოგვიტანე და ბოლოსკენ კარგი შეგინახავსო", რა იცოდა თამადამ, რომ ის ცუდი ღვინოც არ იყო საკმარისი :), იესოს პასუხიც, როგორც აღვნიშნე, მოწმობს, რომ იგი მიხვდა ღვინის ხარისხსაც, ხოლო ღვინის სიმცირის შესახებ ამბის გაგებისას, აშკარად არ ჰქონდა სურვილი დახმარების, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დაეხმარა და ეს ძუნწი ადამიანი რთული მდგომარეობიდან იხსნა.
რა იყო ამის მიზეზი? არ ვიცი, ნათესაური დამოკიდებულება? მარიამ ღვთისმშობლის თხოვნა? ფაქტი ერთია, იესოს ნათქვამიდანაც და გარემოებიდანაც გამოდინარე მიზეზი არ იმსახურებდა სასწაულს, მაშ რატომ?

3 Oct 2010

ნაფიცი მსაჯული

1 ოქტომბერს რუსთავი2 ზე გავიდა პირველი სერია "ნაფიცი მსაჯული", უნდა ვთქვა ეგრევე აზარტში შევედი, თუმცა ჩემი აზრით ზოგიერთი მომენტი ცოტა გადაჭარბებულია, ძირითადი მომენტები არის ემოციებზე, ყველა ნაფიცი მსაჯული რატომღაც აღელვებული და ექსპრესიულია, რა თქმა უნდა ქართველები უმრავლეს შემთხვევაში ასეთები ვართ, მაგრამ... იყო საჭირო ამაზე ხაზგასმა? თუ ეს სერიალი პროპაგანდისტულ და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, რასაც ძირითადად ვგრძნობ, მაშინ მე მგონი ეგ ემოციები ცოტა ჭარბად არის.
როგორც კი პირველი სერია ვნახე, ეგრევე გადმოვიწერე ინტერნეტიდან "12 Angry men" საბედნიეროდ ორიგინალი აღმოჩნდა (მადლობა allmovies.ge), 53 წლის წინ გადაღებულ ფილმს დიდი ინტერესით ვუყურე, რამდენიმე მსგავსებაც აღმოვაჩინე, ასევე დამატებული სიახლეც. ძალიან გამახალისა იმ მომენტმა, როდესაც სათათბირო ოთახში შედიან, ვერ ჩართავენ კონდიციონერს, სიდნი ლამეტის ფილმში ასევე თავიდან არ მუშაობს ვენტილატორი. განსხვავება ის არის, რომ ძველ ფილმში იგრძნობა იმ დროის ტენდენციები, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ნიუ–იორკის სასამართლოში ხდება, ნაფიც მსაჯულებში არცერთი ქალი და არცერთი ფერადკანიანი არ არის.
ჩვენსაში კი ფერადკანიანებზე რა მოგახსენოთ, აი გენდერული ბალანსი კი დაცულია. თან თავმჯდომარედაც საკმაოდ სიმპატიური გოგონაა. განსხვავება არის ასევე ფილმის მოქმედების სცენებში, 1957 წელს გადაღებული ფილმის მოქმედება ერთ ოთახში მიმდინარეობს ძირითადად და ეს სულაც არ აძლევს მაყურებელს მოწყენის საშუალებას, ჩვენს შემთხვევაში სათათბირო ოთახს საკმაოდ მცირე ადგილი უკავია, დამატებულია (თუ არ ვცდები "ფლეშ ბექები", აი შავთეთრად რომ ხდება მოგონების გახსენება) თან ეს ფლეშ–ბექები, შეიძლება არც ეხებოდეს პირდაპირ საქმეს. ასევე პროკურორის და ადვოკატის სიტყვები და მოწმეების ჩვენებები, სრული სიურპრიზი იყო მოსამართლის სადილობის სცენა, მსგავსი საერთოდ რატომ მოაფიქრდათ და რა საჭირო იყო ვერ ვხვდები.
საბოლოო ჯამში კი მე (და იმედია სხვებიც), ძალიან დავინტერესდი ამ მოვლენით, რომელიც მართალია ჯერ მხოლოდ თბილისში იქნება, მაგრამ მხოლოდ ჯერ–ჯერობით. მინი გამოკითხვის შედეგად (ჩემს მეგობრებში) აღმოვაჩინე, რომ ნაფიცი მსაჯულების შემოღებას საკმაოდ ბევრი ადამიანი კრიტიკულად შეხვდა, ბევრი თვლის, რომ ეს ინსტიტუტი არ გაამართლებს და არგუმენტებიც მოჰყავთ, მაგალითად ის, რომ რეგიონებში საკმაოდ რთული იქნება მიუკერძოებელი ადამიანის ამორჩევა, თან თორმეტის. ასევე ის, რომ დაცვის ან პროკურორის ორატორულმა ნიჭმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მსაჯულებზე და მათაც ემოციური განწყობის ქვეშ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღონ.
წარმოიდგინეთ მაგალითად, ფოთის სასამართლო, სადაც გაუპატიურების+მკვლელობის საქმე ირჩევა, ხოლო ბრალდებული არის ეროვნებით თურქი, რამდენად ობიექტურები იქნებიან მსაჯულები?
მოკლედ დილემის წინაშე ვართ, ერთის მხრივ ნაფიცი მსაჯულები უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას, მეორეს მხრივ კი დაზღვეული კვლავ არავინაა, რომ მსაჯულები არასწორ განაჩენს დადებენ.
რას ვიზამთ, მსაჯულებს ერთადერთი მოეთხოვებათ, რომ საქმე გადაწყვიტონ საკუთარი შინაგანი რწმენით.
ერთი იდეა დამებადა, ან იქნებ უკვე არის ეს სადმე პრაქტიკაში, ნაფიცი მსაჯულები თავიდანვე რომ შეიყვანონ სათათბირო ოთახში და პროცესის დასრულების შემდგომ შეუტანონ ჩანაწერი (ტექსტური, აუდიო), ასევე მათ რომ არ იცოდნენ განსასჯელის და დაზარალებულის ვინაობა (სახელი, გვარი) მე მგონი ეგ უფრო ობიექტური იქნებოდა, არა? რა ვიცი :)

პრემიერლიგა

სტაჟიან ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრად ვითვლები, ეგ ზუსტად მახსოვს საიდან დაიწყო; 1996 წლის ევროპის ჩემპიონატიდან, როდესაც ინგლისის ნაკრებში "გაზა" თამაშობდა, მაგარი იყო ეგ ოხერი. ინგლისური სტილი ზუსტად ჯდებოდა ჩემს ხასიათში, თითქოსდა არ არის ფინტების კორიანტელი როგორც ბრაზილიელებთან, არ არის დაცვის ისეთი სიმტკიცე როგორც იტალიელებთან, ვერც გერმანელებს შეედრებიან დისციპლინით და ვერ ეშმაკობით არგენტინელებს, მაგრამ რაც ინგლისურ ფეხბურთში ყველაზე მეტად მხიბლავს ეს არის თამაშის სიყვარული, ზოგჯერ სერია ა–ს გუნდების თამაშ რომ ვუყურებ, მგონია რომ ჭადრაკის პარტიაა და მეძინება, იმდენად უსიცოცხლო და გათვლილია ყველაფერი, სქემაზე ალბათ ძალიან ლამაზი და შედეგიანი იტალიური ფეხბურთი, მაგრამ საყურებლად "სვარკაა".
ინგლისური გუნდებიდან გამორჩეულად მომწონს მანჩესტერ იუნაიტედი, თუმცა ყველა დანარჩენს ვაფასებ გარდა ორი ლონდონური კლუბისა: არსენალი და ჩელსი. მიმაჩნია რომ ამ ორ კლუბს არაფერი აქვთ საერთო ინგლისთან. ლონდონში ძალიან დიდ პატივს ვცემ ვესტ ჰემს და ნუ ბოლო პერიოდში ტოტენჰემსაც არაუშავს. მახსოვს ერთხელ სტუდენტობისას, სეზონის ბოლოს დავდევი თანხა ერთ მატჩზე, ვესტ ჰემი ხვდებოდა ვიღაც ბობოლას, არ მახსოვს ლივერპული არ ვიცი ტოტენჰემი, ნუ, ვესტჰემის ბედი გადაწყვტილი იყო იგი ვარდებოდა, შესაბამისად აშკარად უმოტივაციო უნდა ყოფილიყო, რასაც ვერ ვიტყოდით მოწინააღმდეგეზე, რომელიც თუ არ ვცდები ლიგის საგურისთვის უბრძოდა, თამაში დაიწყო და გაოცებული ვიყავი რა საოცრად თამაშობდა ვესტ ჰემი, საკუთარ გულშემატკივრებს ბოლომდე ანახეს საკუტარი შესაძლებლობები და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მას შემდეგ ვესტ ჰემს დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი როგორც ასეთი დიდ შედეგებს კარგა ხანი ვერ მიაღწევს.
თუმცა ვესტ ჰემი გამონაკლისი არ არის, ყველა გუნდი ასეთია და გუულშემატკივარიც უფასებს, არსად ისე არ გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს, როგორც ინგლისში.

29 Aug 2010

პროფესიონალი

პროფესიონალ-ი - პირი, რომელმაც რაიმე საქმიანობა გაიხადა თავის პროფესიად, ვინც მუდმივად ეწევა რაიმე საქმიანობას, მოღვაწეობას. (უცხო სიტყვათა ლექსიკონი)

ცოტა ხნის წინს ფეისბუქზე ჩემს გვერდზე დავდევი შემდეგი შინაარსის სტატუსი: რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს იურისტები და ეკონომისტები?
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კითხვას უმრავლესობამ დუმილით აუარა გვერდი, ძირითადში ალბათ იმიტომ, რომ დიპლომატიურობა გამოიჩინეს.
არადა ძალიან მარტივი კითხვა და თითქოს რა სისულელეა? რატომ ვერ უნდა იტანდნენ ერთმანეთს იურისტები და ეკომინისტები?
ძირითადში ვერ იტანენ, ეს შეიძლება გამოვლინდეს ხუმრობით, მწარე შესიტყვებით, მიზეზი და საფუძველი კი ამ ყველაფრის ძალიან მარტივია, ეს არის არაპროფესიონალიზმი.
როდესაც ადამიანი არის პროფესიონალი და მუშაობს ასევე პროფესინალების გუნდში, შეუძლებელია პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე რამე სახის შეფერხება შეექმნათ, ეს იქნება იდეალური გუნდი (რა თქმა უნდა ხასიათებით შეწყობაც სასურველია, მაგრამ სად არის მასე :). როდესაც სრულდება დიდი მოცულობის სამუშაო, საჭირო ხდება სხვადსხვა პროფესიის ადამიანი, სამუშაოს დროზე და ჯეროვნად შესრულება სრულად არის დამოკიდებული ამ ადამიანების გუნდურობაზე, მათ ურთიერთგაგებაზე, ურთიერთსაიმედოობაზე. როგორც ზემოთ ვთქვი, როდესაც თანამშრომლები პროფესიონალები არიან, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ...
თუ ადამიანი არაპროფესიონალია, ის ყოველთვის ცდილობს ამ ნაკლის დაფარვას, ეს ხდება პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებით, მიმდინარე ხარვეზების მიჩუმათებით, დასრულებულ პროექტებში საკუთარი შეცდომის დაფარვით, გამოვლენის შემთხვევაში სხვისთვის გადაბრალებით და ა.შ. არაპროფესიონალიზმს ბევრი სახე აქვს.
შესაბამისად, როდესაც პროფესიონალ გუნდში ერთი არაპროფესიონალია, ასეთ შემთხვევაში საქმე ზარალობს, თუმცა ნიჭს გააჩნია და გუნდს შეუძლია პროფესიონალის შექმნაც.
მაგრამ თუ გუნდში უმრავლესობა არაპროფესიონალია...
ასეთ შემთხვევაში შედეგი კატასტროფასთან ახლოს დგას, რადგან თანამშრომლები საკუთარი ნაკლის დაფარვათან ერთად სხვისი ნაკლის წარმოჩენისთვის იბრძვიან.
აი სწორედ ამიტომ ვერ იტანენ ერთმანეთს იურისტები და ეკონომისტები და აქ პროფესიები არაფერ შუაშია, რადგან მეც ბევრი მეგობარი მყავს ეკონომისტი და მათაც არანკლები მეგობარი იურისტი, უბრალოდ ეს ორი პროფესია უფრო ახლოს დგას ერთმანეთტა ჩვენს ყოველდღიურობაში.
საქმე სხვა რამეშია: არაპროფესიონალები ვერ მეგობრობენ.
უცხო სიტყვათ ლექსიკონში პროფესიონალი განმარტებულია როგორც პირი, რომელმაც რაიმე საქმიანობა გაიხადა თავის პროფესიად, ვინც მუდმივად ეწევა რაიმე საქმიანობას, მოღვაწეობას, მე დავამატებდი, რომ ეს საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს ვიწრო სპეციალობის, პირი ამ საქმეში უნდა იყოს კომპეტენტური და უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი საქმიანობის შედეგის მიმართ.
სხვაგვარად საქმე წინ ვერ წავა.

1 Aug 2010

შიში ოხერია

ყოველთვის, ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს, მაინტერესებდა შიშის რაობა, მეშინოდა ბევრი რამის, ალბათ ისევე როგორც ყველა ბავშვს: მოჩვენებების, სიბნელის, სიმაღლის, მარტო დარჩენის და ა.შ.
თუმცა შიშის დაძლევის შემდგომ მიჩნდებოდა სირცხვილის გრძნობა (ალბათ ისევე როგორ უმრავლესობას), ხოლო შემდგომ კი ვიწყებდი ანალიზს (ალბათ როგორც უმცირესობა).
სანამ ადამიანი აღმოაჩენდა (და დარწმუნდებოდა:), რომ დედამიწაზე მიზიდულობის ძალა ყველგან თანაბარია, არსებობდა შიში რომელსაც გადავარდნის შიშს თუ დავარქმევთ, ალბათ სწორედ აქედან მოდის ტრადიცია, როდესაც მეზღვაურები ეკვატორის გადალახვის დროს წყალში ხტებიან, ჩემი აზრით ნებისმიერი შიში დაძლევადია, თუმცა შიშების რაობა, ანუ მათი წარმოშობა რაიმე ობიექტურ მიზეზებზე არ არის დამოკიდებული, შიში ყოველგავრი თვალსაჩინო მიზეზის თუ საბაბის გარეშე შეიძლება წარმოიშვას, ის ჩვენს ტვინში ჩნდება, ის ჩვენის ილუზიის ნაყოფიცაა.
ვაანალიზებთ რა ჩვენს წინაშე არსებულ ვითარებას, განვსაზღვრავთ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს ჩვენს სიცოცხლეს, თუ საფრთხე ჩვენთვის ცნობილია და ასევე ცნობილია მისი აცილების ან შეწყვეტის გზა, შიში არ ჩნდება, რადგან ტვინი ავტომატურად ჩართვას დამცველ პროგრამას.
მაგრამ თუ საფრთხე უცნობია, შიში სრაფად ედება ჩვენს სხეულს, ჩვენ სწრაფად წარმოვიდგენთ საბოლოო სურათს, რის გამოც ხდება ფუნქციების სრული პარალიზება.
თუმცა ახლა მე სხვა ფენომენი მაინტერესებს; როდესაც ადამიანი ხედვას არა საფრთხეს, არამედ არამედ მხოლოდ "რაღაცას", ადამიანს ყოველთვის ეშინია იმის, რაც მან არ იცის, სხვათაშორის სწორედ აქედან იღებს ძირს ჩემი აზრით ქსენოფობია და ნაციზმი. (თუმცა ნაციზმს სხვა წყაროც ასაზრდოებს).
როგორც ვიცი, შიშები იყოფა რაციონალურ და ირაციონალურ შიშებად.
ის, რომ გვეშინია ელექტრო სადენზე ხელის მოკიდების, მიწისძვრის დროს გავრბივართ სახლიდან, ჭექა–ქუხილის დროს ვერიდებით მაღალ ხეებს და ბოძებს, არ ნიშნავს, რომ მშიშრები ვართ, ეს რაციონალური შიშია, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საფრთხეს და საკუთარ შესაძლებობებს და მათი შედარებით აკეთებს დასკვნებს, რომელი გამოსავალი აირჩიოს, რიგ შემთხვევებში სჯობს საფრთხეს მოვერიდოთ. ანუ სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს :)
თუმცა მე უფრო მეორე სახეს ვეხები.
რაც შეეხება ირაციონალური შიშებს, მათ როგორც ვიცი, საკმაოდ ცუდი შედეგი მოსდევს, ასეთ დროს ადამიანს ეშინია, არა კონკრეტულად რამე რეალურად არსებული საფრთხის, არამედ საკუთარი ილუზიის.
სამხედრო ტაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირერიცხოვანი მეტოქე იყენებდა ილუზიას, რათა მტერი შიშში ჩავარდნილყო, თითქმის ყოველთვის ასეთი ეფექტით არის მოგებული მსგავსი გადამწყვეტი ბრძოლები.
"შიშს დიდი თვალები აქვს" მშვენივრად შეესაბამება ეს გამოთქმა ამ სიტუაციას. ასევე ბრძოლის დროს შიში ცუდი თანამგზავრია.
რუსეთთან 5 დღიანი ომის დროს ჯარისკაცების მობილურმა ტელეფონებმა იგივე როლი შეასრულეს რაც გედეონის თიხის ქოთნებმა, ოღონდ სამწუხაროდ ჩვენს წინააღმდეგ, თითქმის ყველა ჯარისკაცი საკუთარი ახლობლებიდან გებულობდა, უკანდახევის, მთავრობის დამხობის და ათასი სხვა დეზინფორმაციული ხასიათის ცნობებს. შიში კი კი როგორც ვთქვი ცუდი თანამგზავრია.
შეიძლება სამხედრო ექსპედიციაში წახვიდე საუკეთესო შეიარაღებით, კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით, მაგრამ თუ არ იცნობ შენს მოწინააღმდეგეს, დიდი შანსი გაქვს რომ დამარცხდე და დაგამარცხებს არა შენი მოწინააღმდეგე, არამედ შენი შიში და ილუზია.
თუმცა მსგავსი სცენარი მარტო სამხედრო სფეროში არ გვხვდება, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ნებისმიერი სირთულის დროს, თუ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემას იმაზე მეტი საფრთხის მნიშვნელობას მივანიჭებთ, ვიდრე ის რეალურად წარმოადგენს, ჩვენ გარანტირებული გვაქვს მარცხი.
ყველაზე დიდი შიში, რომელის რაციონალურს და ირაციონალურს აერთიანებს, ეს არის განადგურების, გაქრობის, სიკვდილის შიში, სწორედ ეს შიში ასაზრდოებს იმედს საიქიო ცხოვრებაზე. სწორედ ეს შიშია ყველაზე მთავარი და თუ ეს შიში მოისპო ადამიანმა საკუთარ გულში (ეს კი ჩემის აზრით შეუძლებელია, და თუ მაინც, მხოლოდ დროებით, აფექტის დროს), ეს ადამინი საშიში ხდება საზოგადოებისთვის და ამავე დროს მისთვის მიღწევადი ხდება ყველა მიზანი.
მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას გიორგი პირველი "უშიშო ვითარცა უხორცო", როგორც კონსტანტინე წერს, ამ მეფემ, რომელსაც მოკლე მეფობა ჰქონდა, ისტორიკოსის სწორედ ამ ლაკონური შეფასებით მიიქცია მისი ყურადღება, მეფე, რომელმაც გაბედა და წინ აღუდგა ბიზანტიის იმპერიას.
ჩემი აზრით ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს და ეს თავისუფლება გულისხმობს უმთავრესად სწორედ შიშისგან თავისუფლებას, ხოლო შიშისგან თავისუფლებას მხოლოდ განათლება იძლევა, ხოლო სრულ თავისუფლებას კი...

12 Jul 2010

tests.ukr.net

Кто Вы из греческих философов?

Вы - Аристотель

Отец науки, учитель самого Александра Македонского. Вы склонны к аналитическому мышлению, последовательны в действиях, настойчивы и упорны.

Круг Ваших интересов чрезвычайно разнообразен; но чем бы Вы не увлеклись, Вы стараетесь разобраться в теме досконально.

Вас уважают и к Вам нередко обращаются за помощью, Вы же, обладая от природы добрым сердцем, обычно не отказываете.

Вы знаете, что не всё в этом мире поддаётся логике, но не позволяете себе "витать в облаках" - Вы живёте земной жизнью, Вы любите её и чувствуете себя в ней уверенно.

24 May 2010

ალუზია ლუციფერზე

В фантастическом рассказе Кита Лаумера один из главных героев, Люцифер, оказывается на поверку довольно славным парнем, который прибывает из ада для того, чтобы спасти наш мир. Когда главная героиня рассказа интересуется, за какой грех Люцифера сослали в ад, тот скромно молчит... И только увидев шрам на теле Люцифера, когда тот переодевался, она догадалась, что это был за грех. Какое имя он носил, когда совершал этот грех?
Ответ: Прометей.
Автор(ы): Илья Ратнер (Иерусалим, Израиль)
Источник(и): Лаумер К. Дьявол, которого не ждали.
Комментарии: Шрам был в области печени. Кит Лаумер "выдвинул" версию, что Люцифер – "несущий свет" – и был древнегреческим Прометеем, который принес людям огонь.
ბოდიშს ვუხდი ამ კითხვის პატივცემულ ავტორს, მაგრამ ძალიან მსურდა ჩემი პოსტის სწორედ ამ საინტერესო კითხვით დაწყება. სწორედ მისი კითხვის დროს აღმოვაჩინე, რომ მე არ ვყოფილვარ პირველი, ვინც აღმოაჩინა მსგავსება მითოლოგიურ პრომეთესა და ბიბლიურ სატანას შორის.
ალუზია იმდენად აშკარაა, რომ შეიძლება განსხვავება მხოლოდ სახელებში დავინახოთ.
რა თქმა უნდა არის პრინციპული სხვაობაც, თუმცა შევჯერდეთ რამდენიმე პირობაზე.
ძველბერძნულ მითოლოგიაში არ არსებობდა "სატანა", ბოროტი არსება როგორც ასეთი, უფლის მოწინააღმდეგე, არსებობდა მრავალი ღმერთი, რომელთაც ჰქონდათ როგორც კეთილი და დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. მაგალითისთვის: პოსეიდონი თუმცა იძლეოდა ზღვის ნობათს, მაგრამ შეეძლო ჩაეძირა გემი და დაეღუპა ადამიანები, ეს ღმერთების თავისუფალი არჩევანი იყო.
ბიბლიაში სხვა ვითარებაა აქ არ არის მრავალი ღმერთი. მთავარი მოქმედი გმირები სულ სამია: უფალი ღმერთი, რომელიც მრავალი სხვადასხვა სახელით (იაჰვე, ელოჰიმ) მოიხსენიება ბიბლიაში, ადამიანი და სატანა. ეს სიტყვა – ძვ. ებრაულად ნიშნავს მოწინააღმდეგეს და ჩემი აზრით სრულად გამოხატავს ამ არსების არსს, მისი სხვა სახელია ლუციფერი, თუმცა ეს ლათინური სახელწოდება ესაიას წიგნიდანაა, სადაც წინასწარმეტყველი აღწერს სატანას, როგორც დილის ვარსკვლავს, შუქის მომტანს, შესაბამისად ლათინურად პირდაპირ ითარგმნა "ლუცერნ ფერრე" ანუ შუქის მომტანი და მივიღეთ სახელი ლუციფერი, რომელიც დღევანდელი ქრისტიანისთვის არანაკლებ შიშისმომგვრელია, ვიდრე სიტყვა სატანა. პირველი ალუზია სწორედ აქ ჩნდება: პრომეთეს ხსენებაზე პირველი რაც გვახსენდება, ეს არის მის მიერ ცეცხლის მოტანა ადამიანებისთვის. თუმცა წინასწარმეტყველ ესაიას რომც არ შეედარებინა სატანა ცისკრის ვარსკვლავისთვის, ამით ალუზია არ ისპობა; პრომეთე არ იყო ღმერთი (სხვათა შორის მისი სახელი ნიშნავს წინასწარ მოფიქრალს, მჭვრეტელს), იგი იყო ერთ–ერთი უკანასკნელი ტიტანი და მითის ტანახმად სწორედ მან შექმნა ადამიანები თიხისგან(!) ამ მომენტიდან მოყოლებული იგი გამუდმებით ზრუნავს ადამიანებზე, ყველანაირად ცდილობს გამოსტყუოს ღმერთებს ის "ბენეფიტები" რაც აუცილებელია ადამიანთა საზოგადოების კეთილდღეობისთვის, უკანასკნელი წვეთი იყო ცეცხლის მოპარვა ოლიპმოს მთიდან, (მითის ზოგიერთი ვერსიის თანახმად მან გამოიგონა ბორბალიც). სწორედ ამ მოქმედებისთვის ზევსმა ის მიაჯაჭვა კლდეზე სადაც ყოველდღე არწივი უკორტნიდა მას ღვიძლს.
სატანაც დაახლოებით ასე იქცევა, თუმცა განსხვავება საკმაოდ დიდია მოტივაციაში, ბიბლიის ადამიანს არაფერი უჭირს, შესაბამისად სატანას იმ მოქმედებას როდესაც ის სთავაზობს მას გასინჯოს აკრძალული ხის ნაყოფი, სხვა არაფერია თუ არა უფლის გეგმების არევა ადამიანთან მიმართებაში.
სწორედ მას შემდეგ გამოაძევა უფალმა ადამი ედემის ბაღიდან და სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა გარკვეული ძალაუფლება ადმიანზე, რომელშიც უფლის სული იყო, სატანამ.
თუმცა ორივე შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საუბარია არა უბრალოდ ცეცხლზე, ან ვაშლზე.
არამედ საუბარია ინფორმაციაზე, რაღაც საკრალურზე, რაღაც წმინდაზე, რომელიც ადამიანმა იმ დროს მიიღო, როცა არ იყო ამისთვის მზად.
მე არ ვიცი რა იგულისხმება ხე ცნობადის ნაყოფში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რო ეს არ იყო უბრალო თვალის წამალი, რომლის მირების შემდეგ ადამმა თავისი სიშიშვლე დაინახა.
შემიძლია გამოთქვა ვარაუდები, მაგრამ მირჩევნია ავტორები გადავქექო.

22 May 2010

ადამის სამყარო

მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის (მორწმუნეთათვის) ბიბლიის მიხედვით პირველი გონიერი არსება და დღევანდელი გაგებით ადამიანი, ხატად თვისად შექმნა ღმერთმა და უწოდა მას ადამი, შემდგომი ისტორია ყველამ ზეპირად ვიცით, ნეკნის გამოღებით და ევას შექმნით.
ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ერთ დეტალზე: როგორ ფიქრობთ, ადამის და ევას გარდა სამყაროში ადამიანი არავინ იყო? მახსენდება ცნობილი კითხვა–ანეკდოტი, დაასახელეთ ყველაზე დიდი ბრძოლა, როდესაც დედამიწის მოსახლეობის მეოთხედი დაიღუპა, პასუხი: კაენმა მოკლა აბელი.
რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ უფალმა მხოლოდ ადამი და ევა შექმნა, ხოლო შემდეგ დაიბადა პირველი ადამიანი კაენი, შემდეგ აბელი.
ამ შემთხვევაში გასაოცარია ისტორიის შემდგომი განვითარება, უფლისგან შერისხული კაენი ირთავს ცოლს (!), ვიკითხავთ საიდან? მასაც ნეკნი გამოუღეს? მაგრამ აქვე კიდევ უფრო გასაოცარი ცნობა გვხვდება, იგი აარსებს ქალაქს (ხანოქი), ალბათ ცოტა სასაცილო წარმოსადგენია ქალაქი ორი მცხოვრებით.
ასეა თუ ისე, ეს სიუჟეტი, როგორც მისი პოპულარული ვერსია, წინააღმდეგობითაა სავსე.
მაგრამ თუ უბრალოდ დავაკვირდებით ტექსტს, საოცრებას აღმოვაჩენთ და რომ არც ისე მარტივადაა საქმე.
დაბადება 1:26 : "და თქვა ღმერთმა შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში." ნუ გასაგებია აქ ყველაფერი, მაგრამ შემდეგი სტროფი ცოტა დაგვაბნევს:
დაბადება 1:27 "და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად – ღვთის ხატად შექმნა იგი. და შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად.
1:28 და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: "ინაყოფიერეთ და გამრავლდით, აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს.
ამრიგად ადამიანის შექმნა ამ ჯერზე ყოველგვარი თიხის და ნეკნის გარეშე, ძალზედ მარტივად ხდება. აქვე არის ღმერთის მიერ მოცემული უფლება, რომ ადამიანს საკვებად მიეღო მხოლოდ მცენარეული საკვები, ასევე ყველა ცხოველი იღებდა მხოლოდ მცენარეულ საკვებს.
ეს ყველაფერი ხდება მეექვსე დღეს, მეშვიდე დღეს უფალმა დაისვენა. ასე რომ სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შეიქმნა ადამიანი – მამაკაცად და დედაკაცად, მაგრამ არც ადამზე და ევაზე ხსენებაც არ არის.
და აი სტროფი 2:7 "და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად. ესეც არაა საკმარისი, უფალმა მას შემდეგ რაც შექმნა ცხოველები ჯერ კიდევ მეექვსე დღეს 1:26, ამჯერად მიწისგან გამოსახავს მათ 2:18,
2.22: ადამს უფალმა ნეკნიდან შეუქმნა დედაკაცი, რაც უფრო საინტერესოა, მას სახელი არ აქვს, უბრალოდ დედაკაცი.
ყოველივე ეს უფრო მეტ კითხვებს ბადებს.
ამ მოკლე ფრაზებში გაცილებით მეტი ინფორმაცია დევს ვიდრე ჩვენ გვესმის და გვგონია.
მაგრამ ერთი რამ ხდება ნათელი და უდავო: ადამი მარტო არ იყო, მის გარდა დედამიწაზე იყვნენ ადამიანები, თუმცა მათ არ ჰქონდათ უფლისგან შთაბერილი სული, როგორც ადამს, როგორც ჩანს ადამი იზოლირებული იყო მათგან, რადგან მას უფლისგან დასჭირდა თანაშემწე და მეგობარი და მიიღო კიდეც საკუთარი ნეკნიდან შექმნილი დედაკაცის სახით, თუმცა მხოლოდ ედემის ბაღიდან გაძევების შემდეგ ადამმა უწოდა მას ევა – დედა ყოველი ცოცხალისა, კაცობრიობის დედა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ადამის წარმოშობაზე:დაბადება 5:1–2 "ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი, და აკურთხა. და უწოდა მათ სახელად ადამიმათი შექმნის დღეს."
მარტივია არა? :)
უკვე საუბარია არა ერთ ადამიანზე არამედ მრავალზე, ვითომ მრავალი ადამი იყო? რომლებიც უფლის ბაღს უვლიდნენ? იქნებ ეს ტომი იყო? რომლებიც შემგროვებლობით იყვნენ დაკავებლნი, (ადამიანის პირველი საქმიანობა სწორედ ეს იყო) პირველი ხელობაც მათ სახელთან არის ალბათ დაკავშირებული "ადამი" ძვ. ებრაულად თიხას ნიშნავს როგორც მახსოვს, შესაძლებელია სწორედ მეთუნეობა იყო მათი პირველი გამოგონება.
თითქოსდა ყველაზე მარტივი ისტორია რამდენიმე სიტყვით გართულდა.
ყველას შეგიძლიათ გადამოწმოთ. დასკვნები კი თქვენ თვითონ გამოიტანეთ.

23 Apr 2010

201?

ბევრჯერ გავიგონებთ მოახლოებული აპოკალიფსის შესახებ ხმებს, აგერ აქ არის, მოვიდა აღსასრული. თითქოს მართლაც არის ამის ნიშნები, თუ კარგად დავაკვირდებით ეს ნიშნები არის უკვე თითქმის 2000 წელია. ეს აღსასრული კი არა და არ დგება, მოსაწყენია თითქოს, იფიქრებს კაცი, რახან ამდენი ხანი არ დადგა, რაღა ჩემის სიცოცხლის დრო დადგებაო, ვერაფერს იტყვი, შანსი 50/50–ზე ან დადგება ან არა.
მაგრამ მე იმის გარკვევა ნამდვილად არ მაინტერესებს ბოლო ჟამი მოახლოებულია თუ არა (როგორც ვთქვი თეოლოგიური თვალსაზრისით ეს ბოლო ჟამი კაი ხნის დამდგარია და უკვე ის დროა 4 მხედარი გამოჩნდეს), მე უფრო თვითონ ამ ბოლო ჟამის, აპოკალიფსის, წარღვნის, მოკლედ მსოფლიო კატასტროფის ძირითადი აზრი მაინტერესებს.
როდესაც ადამიანი დგება გარდაუვალი ძალის წინაშე, მისი პიროვნება შიშვლდება იმ ნიღბებისგან და სამოსისგან რითაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში იფარავდა თავს. იგი არც ისეთი თავდაჯერებული და გამბედავი აღმოჩნდება საბოლოოდ. დაუძლეველი ძალის წინაშე ადამიანი კიდევ ერთ თვისებას ავლენს (იმისდა მიხედვით როგორი ზნეობის პატრონია) თუ ზოგიერთი თავის გადარჩენისთვის მზად იქნება სული ეშმაკს მიჰყიდოს, ზოგიერთი კი ზნეობის პრინციპებს იმ შემთხვევაშიც არ უღალატებს, დაპირებული სამოთხეც კი ტყუილი რომ აღმოჩნდეს.
ადამიანისთვის ამ მხრივ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ღმერთის არსებობას, დიდი ხანია მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთ უბედურ დღეს დედამიწა განადგურდება (თუ როგორ ამაზე ვერ შეთანხმდნენ ოღონდ).
იქნება ეს უფლის ხელით თუ ბუნებრივი გარდაუვალი მოვლენა, რეალურად ადამიანი დგება საფრთხის წინაშე და ბუნებრივია, მას სურს გადაარჩინოს მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ.
თუ რა არის ყველაზე ძვირფასი, შეგვიძლია ვიდავოთ, თუმცა მე მგონია, რომ ეს არის სიყვარული.
რადგან ეს ალბათ ერთადერთია რისთვისაც ღირს ადამიანად ყოფნა.
მის გარეშე ურთიერთობას აზრი არ აქვს.
რწმენაც კი, რომელიც ძალას აძლევს ადამიანს, უსიყვარულოდ მკვდარია.
ასე რომ, მომავლის ნუ შეგეშინდებათ თუ თქვენს გულში სიყვარული არის ადამიანის მიმართ, რადგან ერთადერთი რაც ფიზიკის კანონებზე მაღლაა სიყვარულია.
ხანდახან ვფიქრობ, მთელს მსოფლიოში რომ იყოს მშვიდობა, არ იყოს საზღვრები, (ლენონის ""Imagine" მახსენდება) მართლაც მშვენიერი იქნება, თუმცა რომ არ იყოს ომი, ნგრევა და სიძულვილი, ალბათ სიყვარულსაც ფასი დაეკარგებოდა.
მას შემდეგ რაც კარნეგიმ დაწერა თავისი ცნობილი წიგნი, თითქმის ყველა იკრიჭებოდა იმდენად, რომ ნამდვილ ღიმილს ფასი დაეკარგა.
თუმცა მე მაინც მინდა ლენონის არ იყოს, მჯერა, რომ ოდესმე ალბათ მოიშლება საზღვრები, შეწყდება ომები, იქნება მშვიდობა და ალბათ სწორედ მაშინ იქნება საფრთხე, რომ სიყვარულმა დაკარგოს თავისი ძალა, აი ეს იქნება აპოკალიფსი, რადგან ნებისმიერი მცირე უბედურებაც კი გაგვანადგურებს.
წერილის წერა რომ დავიწყე, სათქმელი ბოლომდე არ მქონდა გააზრებული, უბრალოდ გუგლის საძიებო სისტემაში იყო აღნიშნული, რომ დღეს არის დედამიწის დღე და ჩემი აზრებიც აქეთ გაქანდა.
დღეს დედამიწის დღეა, მიყვარს ჩემი სახლი, ჩვენი დედა, ჩვენ კი მისი უძღები შვილები ვართ, არ ვუფრთხილდებით, გავუფრთხილდეთ სანამ გვყავს. არც ისეთი მუდმივია ჩვენ რომ გვგონია.

ღალატის ანატომია

სათაურს ირაკლი გურგენიძეს დავესესხე, იმედია არ მიწყენს, რადგან იმას, რის შესახებაც ვფიქრობ რახანია, სხვა სახელი ვერ მოვუძებნე.
ღალატის აქტი – ეს ადამიანური მანკიერების ერთ–ერთი რიგითი გამოვლინებაა, თუ არჩევანის თავისუფლების ერთ–ერთი სახე?
ქართველებისთვის ალბათ ყველაზე რთული შესაფასებელი ისტორიული პიროვნება უალტერნატივოდ გიორგი სააკაძეა. ჩემთვის კი მისი საქციელი მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ის მიჯაჭვული არ იყო საკუთარ მამულზე, ოჯახზე, მეფეზე, მისთვის უმთავრესი მისი პირადი ჩანაფიქრი იყო. ამ მომენტით ყოველთვის მომდიოდა შედარება სააკაძის ოლივერ კრომველთან თუმცა შეიძლება ეს შედარება ძალიან ზედაპირული იყოს, მაგრამ მიზნების მისაღწევად არჩეული საშუალებების შერჩევაში, მათ შორის ნამდვილად არის საერთო. ჩვენ ვიცით რა ჰქონდა მიზნად კრომველს, სამწუხაროდ სააკაძის მოტივაცია ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მისი მოქმედება ნამდვილად არ ჰგავს კარიერისტის ან მედროვის ქმედებას. ყველა ბრძოლაში პირადი მონაწილება მის სიმამაცეს ამტკიცებს. მისი წასვლა ქვეყნიდან და გადასვლა სპარსეთში მის დიდ ამბიციებს, სავარაუდოდ, როგორც მე (და ბევრი სხვა) ვფიქრობ(თ), სააკაძე სპარსეთში კარიერამ მიიზიდა, რადგან შაჰის კარზე ქართველები საკმაოდ დიდ გავლენას ფლობდნენ. დარწმუნებული ვარ მას არ აწუხებდა ნოსტალგია, ისე როგორც ეს ჩვენს ფილმშია ნაჩვენები :) ნუ ამ მომენტში ეს ჩემი პირადი აზრია :))
ასეა თუ ისე, ყველანაირი ლოგიკით შაჰის მიერ წარმოგზავნილი ჯარის შემადგენლობაში მყოფ გიორგი სააკაძეს თავი უნდა შეეკავებინა ისეთი ქმედებისაგან, რომელიც მას ამ დიდების მწვერვალიდან გადმოუშვებდა. მოხდა საპირისპირო რამ: მარტყოფის ბრძოლაში სააკაძემ უღალატა უკვე სპარსეთის ჯარს და ეს ღალატი ვერ აიხსნება ვერცერთი ანგარებიანი მოტივით, სწორედ ამიტომ ალოგიკურად ჩანს სააკაძის მოქმედებაში.
მოგებული ბრძოლის შემდეგ სააკაძემ თითქმის განჯამდე სდია მტერს, ხოლო შემდეგ დაიწყო მზადება მტრის დასახვედრად. 2 თვეც არ გასულა, ბრძოლა მოხდა მარაბდაზე, საგულისხმოა ერთი დეტალი, სააკაძემ დახმარებისთვის მიმართა ოსმალეთს. ეს დეტალი ერთ რამეზე მიმანიშნებს: როგორც ჩანს მისთვის სიტყვა "მტერი" ძალზე პირობითი იყო, ეს ის ოსმალეთი იყო სააკაძემ სიცოცხლე რომ გაუმწარა და რომლის მებრძოლები უმოწყალოდ ამოხოცა მტკვრის ნაპირას არცთუ ისე დიდი ხნის წინ.
მარაბდის ბრძოლის დროს, ქართველები როგორც ჩანს (და როგორც მოსალოდნელი იყო) არ ენდნენ ახლად მოქცეულ "უძღებ შვილს" და სარდლობა სხვას მისცეს, არ მახსოვს ვინ იყო მარაბდის ბრძოლის დროს ქართველთა სარდალი, მაგრამ ნეტავ ის არ ყოფილიყო, რადგან მსგავსი ზარალი ჩვენს ბრძოლებში არასოდეს მოგვსვლია.
ერთი წელიწადიც არ იყო გასული, რომ დაიწყო სამოქალაქო ომი, ცოტა ხნის წინ მხარდამხარ მეომარნი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ მხარეს თეიმურაზ პირველი, მეორე მხარეს გიორგი სააკაძე. გიორგი სააკაძის ბროლის მოტივი კი შემდეგი იყო: თეიმურაზის დამარცხების შემთხვევაში იგი ქართლ–კახეთის ტახტს სთავაზობდა იმერეთის მეფის გიორგის ვაჟს ალექსანდრეს, რომელიც ამავე დროს იმერეთის ტახტის მეკვიდრეც იყო, იყო ერთობ კარგი შანსი საქართველოს გაერთიანებისა, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ჯერ ქართველების სისხლი ისევ ქართველებისვე ხელით უნდა დაღვრილიყო, სააკაძემ არც ამაზე დაიხია უკან. თუმცა ბრძოლა წააგო, არავინ იცის რა სახით შემოგვინახავდა მის სახელს ისტორია, ბრძოლა სადმე სხვაგან რომ გამართულიყო და სააკაძეს ემარჯვა. მისი მიზნები და მოტივები უფრო ნათელი გახდებოდა ჩვენთვის. ოლივერ კრომველს გადამწყვეტი ბრძოლა რომ წაეგო, მას გარანტირებული ჰქონდა ჯალათის კუნძი და სამუდამო შერცხვენა, მეფის ტახტის მოღალატის სახელი, რომელმაც გაბედა და მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გაბედა იარაღის აღმართვა, მაგრამ ამჟამად სულ სხვა სახით ვიცნობთ და ვიცით, რომ არ ყოფილიყო კრომველი, ინგლისის "ლორდ პროტექტორი" არ იარსებებდა დიდი ბრიტანეთი ისეთი როგორიც დღესაა და ალბათ არც ინგლისური იქნებოდა საერთაშორისო ენა.
ისე ცალი თვალით მაინც ჩამახედა იმ პარალელურ სამყაროში, სადაც სააკაძე იმარჯვებს ბაზალეთის ბრძოლაში, ნეტა როგორი აწმყო გვექნებოდა :))
შემდეგი გმირი: დამფუძნებელი მამებიდან ნებისმიერი, თუნდაც ბენჯამინ ფრანკლინი განვიხილოთ (მომწონს ეს კაცი:)), ის რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში რევოლუციურ ომებს უწოდებენ, უბრალო აჯანყების სახელით დამთავრდებოდა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ეს ბრძოლა შტატების მარცხით რომ დამთავრებულიყო.
სიტუაციას, რომ შევხედოთ, ეს წმინდა წყლის ღალატია, ეს ტერიტორია ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, ანუ ბრიტანეთის სუვერენიტეტის ქვეშ იყო. ტერიტორიებმა გამოაცხადეს დაუმორჩილებლობა, აჯანყდნენ, რაც სუფთა განმარტებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, დამატებით, მათ დახმარებისთვის მიმართეს უცხო ქვეყანას – საფრანგეთს, ეს უკვე სახელმწიფო ღალატის აშკარა ნიშნებს შეიცავს. რომ არა გამარჯვება, დამფუძნებელ მამებსაც იგივე ბედი ელოდათ რაც ოლივერ კრომველს 120 წლით ადრე.
ანუ გამოდის, რომ აშშ მოღალატეების დაარსებულია :))
ვგრძნობ, რომ ასე შეიძლება ჩიხში შევიდეთ, ამიტომ განვმარტავ ჩემს აზრს, რომელიც აქამდე ვცდილობდი მაგალითებით გადმომეცა:
ღალატი არ არის სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლა, ღალატი არის საკუთარი პრინციპების გათელვა რაიმე მიზეზის გამო, შიშის, ანგარების ან ბრმა მორჩილების.
თუ კიდევ უფრო დავიბენით, მაშინ მაგალითი: სტალინი ქართველია, დაბადებული საქართველოში; გამომდინარე ცნობილი მოვლენებიდან, მოღალატეა? ჩემი (და ბევრის) აზრით – არა. ის არასოდეს ყოფილა საქართველოს სახემწიფოს ერთგული და საქართველო, როგორც ასეთი, მისთვის ყოველთვის შედიოდა დიდ რუსეთში.
რუსეთის ელჩი საქართველოში – ჩხიკვიშვილი, მოღალატეა? რა თქმა უნდა არა.
ნელსონ მანდელა – იბრძოდა საკუთარი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ, მათ შორის შეიაღებული გზითაც, მაგრამ დღეს ვერავინ გაბედავს მას მოღალატე დაუძახოს.
და ბოლოს ვისაც ნანახი გაქვთ, გაიხსენეთ ფილმი "ავატარი" :))
მთავარია პრინციპებს ნუ უღალატებთ და თქვენს სახელს არაფერი ემუქრება. :)

14 Apr 2010

კარიერა

ბევრჯერ მიფიქრია კარიერაზე. რას წარმოადგენს იგი? რამდენად დადებითი მოვლენაა ის ჩვენს ცხოვრებაში? არის ეს მიზანი პროგრესის მამოძრავებელი, თუ მხოლოდ სატყუარა?
ნაბიჯი პირველი: პირველი ნაბიჯის გაკეთება ალბათ ყველაზე რთულია, არავინ გენდობა, შენი შესაძლებობა მხოლოდ შენთვის არის ცნობილი, ზოგადად კი ეს მხოლოდ "იქსია", შეიძლება გქონდეს ცოდნა, მაგრამ თან ახლდეს ისეთი კომპლექსები, რომლის გამოც ეს ცოდნა გამოუსადეგარი და ფარული ხდება.
პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ნდობის მოპოვება. არავის უნდა ადამიანი, რომელიც ნდობას, ამ ძალზე ეფემერულ სუბსტანციას არ იმსახურებს. პროფესიონალიზმი ზოგ შემთხვევაში გადადის მეორე პლანზეც კი ნდობის წინაშე.
უნარები და გამოცდილება, ეს ყველაფერი შეიძლება შეიძინო, ამავე დროს ყოველთვის ხდება გამოცდილი კადრის სანდოობა.
ნაბიჯი მეორე: ახალბედებს ყოველთვის მეტს სთხოვენ.
ეს აქსიომაა, თან დამტკიცებული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი, ყველაზე მძიმე პრესში ისინი გადიან, ამავე დროს ძალზე ხშირად ამის ინიციატორები და მოხალისეები სწორედ თვით ახალბედები არიან. ეს არის ნდობის დამსახურების კიდევ ერთ–ერთი საშუალება.
გამოცდილების მატებასთან ერთად, ქრება თავდაპირველი ეიფორია და ნდობის დამსახურების სურვილი. ადამიანი უკვე სხვაგვარად აღიქვამს სიტუაციას.
ძირითადი ნაწილი ინდივიდების რჩება შეურაცხყოფილი იმ დამოკიდებულებით, რომელსაც ის იღებს იმ მსხვერპლის სანაცვლოდ რასაც ის გასცემს. ცივდება დამოკიდებულება, ყველაფერი რასაც აქამდე ჰქონდა დიდი ღირებულება, იქცევა არარად. უფროსები ამ ინდივიდების თვალში იქცევიან უსულგულო არსებებად, რომელთაც არ ადარდებთ თანამშრომლების ბედი.
თუმცა მათ და თითქმის ყველას, თავიდანვე ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ეს არის კონტრაქტი:
ცივი ანგარიში.
არავინ არის ვალდებული შეასრულოს იმაზე მეტი დაკისრებული სამუშაო, ვიდრე მას ეს ევალება კონტრაქტით.
სამუშაოს დასრულებისთანავე, ან როდესაც ამას ჩათვლის საჭიროდ რომელიმე მხარე, კონტრაქტი წყდება. არავითარი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.
სახარებიდან ერთი იგავი მახსენდება, როდესაც მესმის ანაზღაურებაზე მობუზღუნეთა ხმა:
ვენახის მეპატრონემ დილით დაიქირავა მუშები მთელი დღით 1 დინარად, შუადღისას კვლავ 1 დინარად, საღამოს, როდესაც სამუშაოს დასრულებას ცოტაღა აკლდა ისევ 1 დინარად გაურიგდა რამდენიმეს.
ანგარიშსწორება დაიწყო ბოლოდან, როდესაც დილით დაქირავებულმა მუშებმა ნახეს, რომ სულ ცოტა ხნის მოსულებმა 1 დინარი აიღეს, გაუხარდათ; ჩათვალეს, რომ მათ გაცილებით მეტი ერგებოდათ, რადგან უფრო მეტი იმუშავეს, თუმცა იმედი გაუცრუვდათ, რადგან მათაც იგივე ანაზღაურება მიიღეს. მათ პროტესტზე ვენახის მეპატრონემ მიუგო, ვერავინ მიიღებს იმაზე მეტს, რაც შეპირებული ჰქონდა.
ასე რომ შეიძლება იყო უკმაყოფილო, მაგრამ ნურასოდეს შეხედავ სხვის საზღაურს, შენი შრომის ფასზე მეპატრონეს ესაუბრე, მოითხოვე, მაგრამ მხოლოდ გარიგების დასაწყისში და არა მაშინ, როდესაც სხვის ფასის შემხედვარე ნახავ, რომ რეალურად შეიძლება მეტის დაცინცვლა შეიძლებოდა. ჩემი აზრით საკუთარი შრომის ნაყოფიც კი, საკუთარი ოფლით მოპოვებული პურიც უფლის საჩუქარია.
უმადურობა კი ერთ–ერთი დიდი ცოდვა.
ასე, რომ ბრწყინვალედ დაწყებული კარიერა სულ მალე შეიძლება დამთავრდეს მრავალი სხვადასხვა მიზეზით, ან გაგრძელდეს სხვადასხვა გზით.
მე მართლა არ ვიცი, ერთმნიშვნელოვნად როგორი მოვლენაა ჩვენთვის კარიერული კიბე, თუმცა ეს ალბათ ჩვენზეცაა დამოკიდებული

განა არის სადმე ერი?

ქართველებს ზოგჯერ თავი მოგვაქვს ჩვენი სიმამაცით, სასწაულებრივ მოგებული ბრძოლებით, დიდგორი, ბასიანი და შამქორი ჩვენი სიამაყეა.
ეს მართლაც ასეა, ქართველი ხალხი თავისუფლებისმოყვარე ერია, თუმცა ისევე როგორც ყველა თავისუფლებისმოყვარე ერში ქართველებშიც მოიძებნებოდა თითო მოღალატე და ძალიან ბევრი ლაჩარი.
რატომღაც მგონია რომ ჩვენი ისტორიის დეტალები არ უნდა დავივიწყოთ; დიდგორის ბრძოლის წინ, ქართველთა ლაშქარს დავით მეოთხემ უკანდასახევი გზა მოუჭრა.
ალბათ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ რჩეულ ქართველთა ლაშქარში ძალზე ძლიერი იყო თვითგადარჩენის ინსტინქტი, რის გამოც ყოვეთვის ვიფიქრებთ უკანდასახევ გზაზე და რომ მასზე სხვამ არ გაგავსწროს.
ვფიქრობ, ღალატიც სილაჩრის გამო იყო, ის კი არადა, მგონია რომ, ეს ლაჩარი ამ ღალატის აქტით თავისი ოჯახის, და შეიძლება ქვეყნის გადარჩენასაც ცდილობდა აოხრებისგან.
(ამან იერიქონელი მეძავის, რაჰაბის ამბავი გამახსენა, რომელმაც გასცა ქალაქი და ამით თავისი და სიცოცხლე და ქონება იხსნა, ახლო ნათესავებითურთ)
ერთი მხრივ გასაგებია, მოხდება ბრძოლა, მსხვერპლი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, შეფარდება ათი ერთთან, რომ ბრძოლას მოვიგებთ (ძირითადად ესეთი ბრძოლები გვქონდა ბედად), ასეთ დროს ბევრი იფიქრებს, მოდი მტერს მოვურიგდები, ყველაფერს ხომ არ წამართმევს, სიცოცხლესაც შემინარჩუნებს, ჩემს მიწებსაც და ჩემს ყმებსაც, შეიძლება ზოგი მონად და ზოგი მხევლად წაასხას, შეიძლება ჩემი და მოეწონოს, შეიძლება ძმა მომიკლას, მაგრამ განადგურებას და მოოხრებას ხომ მაინც გადავრჩებიო.
ალბათ ეგ არის ტიპური მოღალატის მთავარი აზრი.
ძალზე გავრცელებული ამბავია, რომ ერეკლეს დაკრძალვის პროცესიაში 40000 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას, როდესაც გადამწყვეტ ბრძოლაში 5000 ძლივს მოუყარა თავი.
ალბათ ნებისმიერი იმ 40000 დან თავს გაუხეთქავდა იმ ადამიანს, ვინც მას ლაჩარს დაუძახებდა.
ალბათ 10–20 წლის შემდეგ ყველა მათგანი ამბობდა, რომ პირადად იღებდა მონაწილეობას თბილისის დაცვაში.
მოდით უფრო აქეთ ვნახოთ, 1921 წელი, რაც მახსენდება, მეფის რუსეთმა ერთადერთი რაც დავიტოვა, ეს იყო საუკეთესო სამხედრო ოფიცერთა შემადგენლობა. შემიძლია ვთქვა, რომ მაზნიაშვილის და კვინიტაძის დარი გენერლები მას შემდეგ არ გვყოლია, ამჟამად არ გვყავს და ალბათ დიდი ხანი ვერ გვეყოლება.
მოკლედ 1921 წელი, თბილისის დაცვა, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებით თბილისი უბრძოლველად იქნა დატოვებული, რათა ფრონტის ხაზი შემოკლებულიყო, მაგრამ მოხდა საოცარი რამე, მცხეთაში ევაკუირებულ სარდლობას ჯარი აღარ დახვდა, სად გაქრა? აორთქლდა? არა, უბრალოდ დაიშალნენ, რადგან არ სჯეროდათ გამარჯვების, რადგან სიცოცხლე უფრო სურდათ ვიდრე თავისუფლება, რადგან ლაჩრები იყვნენ.
შედეგად მივიღეთ საბჭოთა საქართველო.
გახსენებაც არ მინდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტო სულ თვალწინ მიდგას, არმიის საბრძოლო სულისკვეთება ისე დადნა როგორც თოვლი წყალზე და თუმცა ეს ძირითადად არ ხმაურდება, იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევები, ბრძანების გარეშე უკანდახევის, თანამებრძოლების მიტოვების, დეზერტირობის.
არაფერს ვამბობ ხალხზე, რომელიც ქალაქიდან გარბოდა, სხვა ქვეყანაში გადადიოდა, საწვავის რიგში ერთმანეთს ეცილებოდა, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისგან ბევრს ვერ მოითხოვ ალბათ.
მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, პრობლემა სხვა რამეა; ომის შემდეგ ეს ხალხი ისევ დაჯდება და გულზე მჯიღის ცემით სამშობლოს სიყვარულზე დაიფიცებს, იტყვის, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლეს არ დაიშურებს, დალევს გაერთიანებული საქართველოს სადღეგრძელოს, ოღონ მის გაერთიანებას მას ნუ მოსთხოვ :))
ლაჩრების პროცენტული შემადგებლობა :–)) ნამდვილად არ არის ქართველებში სხვა ერებზე მეტი, არც ნაკლებია :(, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად არის გამორჩეული, სანთლით რომ ეძებო მშვიდობიან დროს ლაჩარს წამლად ვერ იპოვი ქვეყანაში, თავზეხელაღებულ გმირებს – რამდენსაც გინდა.
ქართველი ერი ილუზიებით იკვებება, თავი გმირი ჰგონია, ამ დროს კი შეიძლება უბრალო ხმაურმაც კი შეაშინოს.
ეს ერი ომისთვის ნამდვილად არაა მზად და ეს ყველაზე კარგად ჩვენმა მტერმა იცის.
წასულია ჩვენი საქმე