19 Nov 2012

თავისუფლების არსი


ცოტა ხნის წინ, ჩემმა უფროსმა მეგობარმა ესეთი კითხვა დამისვა: თავსებადია თუ არა სამართლიანობა თავისუფლებასთან? თავდაპირველად დარწმუნებით ვუპასუხე, რომ ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა მალევე მივხვდი, რომ დისკუსიაში მოუმზადებელი შევედი. მართლაც, რა აქვთ საერთო თავისუფლებას და სამართლიანობას? ჩემი მეგობრის მტკიცებით, სამართლიანობა გამორიცხავს სრულ თავისუფლებას, რადგან ზღუდავს, ჩარჩოში აქცევს, ქცევის წესებს, ცენზურას უწესებს ადამიანს, "შესაბამისად," – აღნიშნავს ჩემი მეგობარი რომელთანაც ერთად ტაქსით მივდივარ თბილისის სანაპიროზე, "სამართლიანობის პირობებში ადამიანი შეუძლებელია იყოს სრულიად თავისუფალი". გამოვტყდები, არგუმდრეს ვიყავი ფორ სიზობშიენტი ვერ ვიპოვე ამ თეზისის საწინააღმდეგო, თუმცა იქვე დავპირდი, ჩემს აზრს საჯაროდ მოგახსენებთ მეთქი, ჩემი მეგობარიც აგერ უკვე მეორე კვირაა მახსენებს პირობას და მოუთმენლად ელის ჩემს პასუხს აღნიშნულ თემაზე. მე კი ვერაფრით ვიღებ იმ აზრს, რომ თავისუფლება და სამართლიანობა ერთმანეთს ვერ ჰგუობს და ამავე დროს საწინააღმდეგოს მტკიცებაც მიჭირს, ეს ორი ცნება ხომ ადამიანის გონებაში ყველაზე კეთილშობილ ზრახვებთან ასოცირდება? ნამდვილად დიდი ხანი ვიფიქრე, მრავალი ფაქტი შევაჯერე და საბოლოო მაგალითად წარმომიდგა საფრანგეთის სახელოვანი რევოლუცია, 1789 წელი. სწორედ ეს არის ჩემთვის მაგალითი თავისუფლების და სამართლიანობის ურთიერთშერწყმის, (თუ მცდელობის), მცდელობა კი ნამდვილად იყო, ფრანგები ცდილობდნენ ყოველგვარი ცენზურისგან გათავისუფლებულიყვნენ, გამოსულიყვნენ კლიშეებიდან, ყველაფერი შეცვალეს, ყველაფერ ძველზე უარი თქვეს, თვეების დასახელებებზეც კი. თუმცა, საზოგადოების განვითარება და სახელმწიფო წესრიგი მოითხოდა, რომ არსებულიყო კანონი, რომელიც აბსოლუტურად ყველაზე განურჩევლად გავრცელდებოდა. ასეთია საზოგადოების წესი, თუ ადამიანი მარტოა სადმე საჰარაში, იგი აბსოლუტურად თავისუფალია სწორედ იმ გაგებით, რომ მასზე არ ვრცელდება კანონის მოქმედება, მისი ნებისმიერი ქმედება კანონის ფარგლებიდან გასულია და მხოლოდ ნება–სურვილის ზომაზეა დამოკიდებული, მაგრამ საკმარისია, გაჩნდეს მეორე ადამიანი, იმწამსვე ჩნდება მათ შორის უფლება–მოვალეობების ზღვარი, ჩნდება ამბიცია, დომინირების სურვილი, საწინააღმდეგოდ აღიძვრება დამოუკიდებლობის სურვილი, რასაც შედეგად მოჰყვება კონფლიქტი, სწორედ ამიტომ საზოგადოებაში უფლება–მოვალეობათა ბალანსი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების არსებობა შეუძლებელია, ხოლო ანარქიული საზოგადოება საბოლოოდ მაინც მიდის წესრიგამდე და უბრუნდება ბალანსირების პრინციპს. დასკვნა: საზოგადოებაში სრული თავისუფლება არ არსებობს და ის შეზღუდულია კანონით, რადგან სამართალი გარკვეულწილად ძალადობრივი მექანიზმია, ჩვევები, მორალი, ტრადიცია, რასაც კრებითად სამართალს ვუწდებთ, მაგრამ სრული თავისუფლება კონფლიქტშია არა სამართალთან, არამედ საზოგადოებასთან, სამართალი პირიქით, ეს არის მცდელობა შეძლებისდაგვარად თანაბრად იყოს იყოს განაწილებული უფლებები და მოვალეობები. თუ არ არსებობს საზოგადოება – არ არსებობს უფლება ვინმეს მიმართ, ისევვ როგორც მოვალეობა.

20 May 2012


ჩემი მეზობელი უცნაური ვინმეა, თუმცა... ალბათ ჩემთვის არის უცნაური, თორემ ზოგადად ქართველები ვართ ასეთი უცნაურები, ამიტომ ბოდიშს ვითხოვ, თავიდან... ქართველები უცნაური ხალხი ვართ, ერთის მხრივ, მოგვწონს და ვამაყობთ ჩვენი კულტურით, თვალზე ცრემლი გვადგება თუ ვინმე უცხოელი ქართულად ორ კუპლეტს წაიმღერებს, ბახუსივით დამცინავად გვეღიმება როდესაც ევროპელებს კახური ღვინო ქეჩოთი დაითრევს და აძახებინებს თბილისის ანძა სჯობია ეიფელსო. უკვე 30 წელი გავიდა და მეტიც და არ გვავიწყდება რომ 1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ თასების თასი აიღო, და რომ "სტალიცა გრუზიი" მაშინ თავდაყირა დადგა, ხალხი გამოდიოდა და სტადიონის ბალახს კოცნიდაო გამიგია. კიდევ უფრო მეტი დრო გავიდა იმ მომენტიდან ვიღაც გადარეულს აზრად რომ მოუვიდა უცხო პლანეტარული ცივილიზაციისთვის "მესიჯი" გაეგზავნა, მათ შორის ყველა ქვეყნის საუკეთესო სიმღერა (თუ მსოფლიოს 10 საუკეთესო დანამდვილებით არც ვიცი), მოკლედ ისე მოხდა, რომ საუკეთესოებს შორის ქართული ხალხური "ჩაკრულო"ც მოხვდა, ამ ფაქტს დღემდე დიდის ამბით და სიამაყით იხსენებს ბევრი, თუმცა სხვა დანარჩენი საუკეთესოები რომელი იყო ამაზე სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვიან. საქართველოში ძალიან ამაყობენ "ვეფხისტყაოსნით", მიიჩნევენ რა, რომ ამ პოემაში არის გადმოცემული ქართული რაინდობის და სიყვარულის მაგალითი, თუმცა რეალურად (ჩემი აზრით) ჩვენი ცხოვრების სამაგალითო ნიმუში უფრო "კაცია ადამიანი"–ა. პირველ რიგში რაც თვალშისაცემია: ძალიან უმადური, პატივმოყვარე, შურიანი და უნდობი ხალხი ვართ. ხშირად თვალში მხვდება სხვადასხვა სტატისტიკა, საქართველო დემოკრატიის ინდექსით 109 ადგილზეა, პრესის თავისუფლების ინდექსით 99–ზე (ადგილები სამაგალითოდ მომყავს და არ შემომედავოთ ეხლა ამაზე :) ) ფიფას რეიტინგშიც კი ძლივს შევედით ასეულში და საკმაოდ წინ წავიწიეთ ბოლო ორ წელიწადში (მადლობა თემურ), თუმცა საუბარი ამაზე არ არის, მე ყურადღებას გავამახვიელბ ჩვენს დამოკიდებულებას ამგვარი ინფოსადმი. ჩემი აზრით, დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი: სამწუხაროა, რა შეიძლება გავაკეთო მე, რომ ჩემმა ქვეყანამ უკეთესად იცხოვროს? ან ასეთი: მოდი გავარკვევ, რის გამო გვაქვს ასეთი დაბალი შედეგი. სამწუხაროდ მე ჯერ ესეთი კომენტარები არ მომისმენია, ძირითადად არის მსგავსი ტიპის: რას გვიშვება ეს მთავრობა, ამათი დედაც... ან ესეთი: არაფრის კეთება ამათ არ იციან. ჩვენ სხვებს ვუყურებთ და მათ იმედზე ვართ და ამავე დროს მათ არ ვენდობით, გვინდა რომ ვიყოთ მაღლა და ამავე დროს ვერ წარმოგვიდგენია როგორ უნდა ვიყოთ გერმანიაზე და შვეიცარიაზე წინ და ეს გასაგებიცაა, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, არაფრის კეთებით კი საქმე წინ ვერ მიდის, გვრჩება მხოლოდ იმედი, რომ ოდესღაც ზღაპრული ჯოხით საქართველო ერთ დღეში გაბრწყინდება.

24 Mar 2012

ლაზიკა

ამასწინათ "ენ–დი–აი"ს გამოკითხვას გადავავლე თვალი, ძირითადში სააკაშვილი–ივანიშვილის გარშემო იყო კითხვები, კითხვები იყო ასევე გადასახადებზე და რა თქმა უნდა ჯერ არარსებულ ქალაქ ლაზიკაზე. როგორც მოველოდი, გამოკითხულთა საკმაო ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი თანხის უაზრო ხარჯვაა,რომ ჯობია არსებული ურბანული დასახლებები განავითარონ, რომ აღნიშნული თემა წინასაარჩევნო ხრიკია და სხვა, თუმცა ყველაზე მეტად რაც მეწყინა, რომ მხოლოდ გამოკითხულთა 9% აზრით ეს პროექტი ზიანს მიაყენებს გარემოს.
ჩემთვის შემაშფოთებელია მსგავსი დამოკიდებულება, თუ 9% ზე მეტს არ ანაღვლებს ჩვენი გარემო, ბუნება, ფლორა და ფაუნა, მაშინ რაღას ვთხოვთ ამას მთავრობას?
ეხლა უკვე აღარ მიკვირს გზისპირას მდგარი "ნატვრის ხეები", ჩვენი ყოფითი კულტურა რომ ძალიან დაბალია, ეს არახალია, ამასთანავე ძალიან თავკერძა ხალხი ვართ, მხოლოდ ჩვენსაზე ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენით იწყება და ჩვენით მთავრდება ეს სამყარო, ჩვენს ვართ სამყაროს ჭიპი, ჩვენ ვართ სამყაროს მხსნელები, საქართველოს მისია არის უდიდესი, მთელი მსოფლიო განისჯება ქართული ენით და მთელი მსოფლიო ქართულად ილაპარაკებს. "მოვა ეს დროც" ფიქრობს ქართველი და ჩამთავრებულ ფენოვანის ნარჩენს თავის ცელოფნითურთ მანქანიდან სავალ ნაწილზე მოისვრის, შემდეგ კი აუცილებლად დალევს ცა–ფირუზ, ხმელე–ზურმუხტოვანი ჩვენი საყვარელი სამშობლოს სადღეგრძელოს, რომლის გადაჯიშება და წართმევა სურთ გადამთიელებს, რომელთა ისტორიის ხნის საქათმე გვიდგას ეზოში. თავი მოგვაქვს ჩვენი ისტორიით და იმას კი ვერ ვხვდებით, რომ ეს ქვეყანა ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და მოვლილი უნდა ჩავაბაროთ ჩვენს შთამომავლებს.
ინდიელებს აქვთ ესეთი გამოთქმა: ჩვენ არ ვუტოვებთ ჩვენ შვილებს მიწას, ჩვენ იგი ვალად გვადევს მათ მიმართ.
სანამ მხოლოდ 9% იქნება აზრზე, რომ ქალაქის გაშენებამ კოლხეთის ჭაობში, შეიძლება მთელი ეკოსისტემა შეცვალოს, მანამდე, როგორც კახი კავსაძე იტყოდა: "არაფერი არ გვეშველება".

22 Mar 2012

დასავლეთის რისხვა

ცოტამ თუ იცის, რომ არსებობდა ასეთი სახელის მქონე საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის ოფიციალურ მიზანს წარმოადგენდა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება და მომავალში კავკასიის გაერთიანება საქართველოს ჰეგემონიის ქვეშ, ორგანიზაციის შტაბ ბინის უსაფრთხოების და კონსპირაციის დაცვა.
უფრო მეტიც, მის შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა, მათ უმრავლესობას კი ეს უკვე დავიწყებულიც აქვს, მათ შორის ამ ორგანიზაციის წევრებსაც :)...
ამ ორგანიზაციის წევრებს კი პირადად ვიცნობდი, ყველას, რადგან ეს ორგანიზაცია ჩემი შექმნილი იყო, მისი წევრები კი ჩემი სამეზობლოს 8–12 წლის ბავშვები ვიყავით, რომლებმაც სამოქალაქო და აფხაზეთის ომის ფონზე მოზრდილების უსუსურობის შემხედვარე, ჩვენი ილუზორული სამყარო შევქმენით, რათა მომავლის იმედი გვქონოდა.
ამ ორგანიზაციის მუდმივი თავმჯდომარე, პრეზიდენტი და უზენაესი მსაჯული მე გახლდით :) სხვანაირად ვერც იქნებოდა, მე ყველაზე უფროსი ვიყავი ასაკით:)
ჩვენს ძირითად მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა სხვა უბნელი ბავშვები, რომლებსაც (შემიძლია დავიკვეხო) არასოდეს ჰქონიათ მსგავსი ორგანიზებულობა :)
მახსენდება თუ როგორი იყო ჩვენი საქმიანობა, ძალიან მიზიდავდა კარტოგრაფია, ჩემი ასაკისთვის საკმაოდ კარგად და დეტალურად მქონდა დატანილი გეგმიურ რუკაზე მთელი ჩემი სამეზობლო ნაკვეთები, თავისი გაუვალი ადგილების აღნიშვნით და საიდუმლო გასასვლელებით, მითითებული გვქონდა თუ სად იყო "ავი ძაღლი" და სად "ავი დიასახლისი".
თითქმის ყოველ კვირას გვქონდა დიდი თათბირი სადაც განვიხილავდით მოწინააღმდეგის მიერ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლის ფაქტებს და ვგეგმავდით საპასუხო "კონტრ შეტევებს" და "რეპარაციების" და "კონტრიბუციების" აღებას ბლის და ალუჩას სახით.
გვქონდა ჩვენი საიდუმლო ენა, შეხვედრის კონსპირაციული ადგილები, ეხლა რომ ვუფიქრდები, საკმაოდ შეიარაღებულიც ვიყავით, საოჯახო სამზარეულოდან "ნათხოვარი" ძველი დანები, რომელთაც შემდეგ გრძელ კეტზე ვამაგრებდით და შუბად ვაქცევდით, მე თვითონ ვამზადებდი ჩემებურ "მოლოტოვის კოქტეილს" თან საკმაოდ მძლავრს. მადლობა ღმერთს იმდენი ჭკუა კი გვქონდა, რომ ამის გამოყენების ხიბლში არ ჩავვარდნილვართ. რაც შეხება კონფლიქტებს უბნელებთან, მუშტამდე საქმე იშვიათად მისულა, უმრავლეს შემთხვევაში კი წყლის პისტოლეტებით და პასტაწამოცმული პლასტმასის ბოთლებით მიდიოდა საბრძოლო მოქმედება, ამ საქმეში დიდი სტრატეგი ვიყავი, ტაქტიკური უკანდახევით მოწინააღმდეგე ბევრჯერ შემოგვიტყუებია ჩვენს ტერიტორიაზე, სადაც მე წყლის შლანგით და ცივი ჭის წყლის ჭავლით ვხვდებოდი.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია ის ლაღი პერიოდი, რომელიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება.
რატომ გამახსენდა? უბრალოდ არ მინდა დამავიწყდეს დრო, როდესაც ჩემი სამეზობლოს #1 ტერორისტი ვიყავი :))