ამასწინათ "ენ–დი–აი"ს გამოკითხვას გადავავლე თვალი, ძირითადში სააკაშვილი–ივანიშვილის გარშემო იყო კითხვები, კითხვები იყო ასევე გადასახადებზე და რა თქმა უნდა ჯერ არარსებულ ქალაქ ლაზიკაზე. როგორც მოველოდი, გამოკითხულთა საკმაო ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს პროექტი თანხის უაზრო ხარჯვაა,რომ ჯობია არსებული ურბანული დასახლებები განავითარონ, რომ აღნიშნული თემა წინასაარჩევნო ხრიკია და სხვა, თუმცა ყველაზე მეტად რაც მეწყინა, რომ მხოლოდ გამოკითხულთა 9% აზრით ეს პროექტი ზიანს მიაყენებს გარემოს.
ჩემთვის შემაშფოთებელია მსგავსი დამოკიდებულება, თუ 9% ზე მეტს არ ანაღვლებს ჩვენი გარემო, ბუნება, ფლორა და ფაუნა, მაშინ რაღას ვთხოვთ ამას მთავრობას?
ეხლა უკვე აღარ მიკვირს გზისპირას მდგარი "ნატვრის ხეები", ჩვენი ყოფითი კულტურა რომ ძალიან დაბალია, ეს არახალია, ამასთანავე ძალიან თავკერძა ხალხი ვართ, მხოლოდ ჩვენსაზე ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენით იწყება და ჩვენით მთავრდება ეს სამყარო, ჩვენს ვართ სამყაროს ჭიპი, ჩვენ ვართ სამყაროს მხსნელები, საქართველოს მისია არის უდიდესი, მთელი მსოფლიო განისჯება ქართული ენით და მთელი მსოფლიო ქართულად ილაპარაკებს. "მოვა ეს დროც" ფიქრობს ქართველი და ჩამთავრებულ ფენოვანის ნარჩენს თავის ცელოფნითურთ მანქანიდან სავალ ნაწილზე მოისვრის, შემდეგ კი აუცილებლად დალევს ცა–ფირუზ, ხმელე–ზურმუხტოვანი ჩვენი საყვარელი სამშობლოს სადღეგრძელოს, რომლის გადაჯიშება და წართმევა სურთ გადამთიელებს, რომელთა ისტორიის ხნის საქათმე გვიდგას ეზოში. თავი მოგვაქვს ჩვენი ისტორიით და იმას კი ვერ ვხვდებით, რომ ეს ქვეყანა ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და მოვლილი უნდა ჩავაბაროთ ჩვენს შთამომავლებს.
ინდიელებს აქვთ ესეთი გამოთქმა: ჩვენ არ ვუტოვებთ ჩვენ შვილებს მიწას, ჩვენ იგი ვალად გვადევს მათ მიმართ.
სანამ მხოლოდ 9% იქნება აზრზე, რომ ქალაქის გაშენებამ კოლხეთის ჭაობში, შეიძლება მთელი ეკოსისტემა შეცვალოს, მანამდე, როგორც კახი კავსაძე იტყოდა: "არაფერი არ გვეშველება".
Subscribe to:
Post Comments (Atom)




No comments:
Post a Comment