22 Mar 2012

დასავლეთის რისხვა

ცოტამ თუ იცის, რომ არსებობდა ასეთი სახელის მქონე საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის ოფიციალურ მიზანს წარმოადგენდა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება და მომავალში კავკასიის გაერთიანება საქართველოს ჰეგემონიის ქვეშ, ორგანიზაციის შტაბ ბინის უსაფრთხოების და კონსპირაციის დაცვა.
უფრო მეტიც, მის შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა, მათ უმრავლესობას კი ეს უკვე დავიწყებულიც აქვს, მათ შორის ამ ორგანიზაციის წევრებსაც :)...
ამ ორგანიზაციის წევრებს კი პირადად ვიცნობდი, ყველას, რადგან ეს ორგანიზაცია ჩემი შექმნილი იყო, მისი წევრები კი ჩემი სამეზობლოს 8–12 წლის ბავშვები ვიყავით, რომლებმაც სამოქალაქო და აფხაზეთის ომის ფონზე მოზრდილების უსუსურობის შემხედვარე, ჩვენი ილუზორული სამყარო შევქმენით, რათა მომავლის იმედი გვქონოდა.
ამ ორგანიზაციის მუდმივი თავმჯდომარე, პრეზიდენტი და უზენაესი მსაჯული მე გახლდით :) სხვანაირად ვერც იქნებოდა, მე ყველაზე უფროსი ვიყავი ასაკით:)
ჩვენს ძირითად მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა სხვა უბნელი ბავშვები, რომლებსაც (შემიძლია დავიკვეხო) არასოდეს ჰქონიათ მსგავსი ორგანიზებულობა :)
მახსენდება თუ როგორი იყო ჩვენი საქმიანობა, ძალიან მიზიდავდა კარტოგრაფია, ჩემი ასაკისთვის საკმაოდ კარგად და დეტალურად მქონდა დატანილი გეგმიურ რუკაზე მთელი ჩემი სამეზობლო ნაკვეთები, თავისი გაუვალი ადგილების აღნიშვნით და საიდუმლო გასასვლელებით, მითითებული გვქონდა თუ სად იყო "ავი ძაღლი" და სად "ავი დიასახლისი".
თითქმის ყოველ კვირას გვქონდა დიდი თათბირი სადაც განვიხილავდით მოწინააღმდეგის მიერ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსვლის ფაქტებს და ვგეგმავდით საპასუხო "კონტრ შეტევებს" და "რეპარაციების" და "კონტრიბუციების" აღებას ბლის და ალუჩას სახით.
გვქონდა ჩვენი საიდუმლო ენა, შეხვედრის კონსპირაციული ადგილები, ეხლა რომ ვუფიქრდები, საკმაოდ შეიარაღებულიც ვიყავით, საოჯახო სამზარეულოდან "ნათხოვარი" ძველი დანები, რომელთაც შემდეგ გრძელ კეტზე ვამაგრებდით და შუბად ვაქცევდით, მე თვითონ ვამზადებდი ჩემებურ "მოლოტოვის კოქტეილს" თან საკმაოდ მძლავრს. მადლობა ღმერთს იმდენი ჭკუა კი გვქონდა, რომ ამის გამოყენების ხიბლში არ ჩავვარდნილვართ. რაც შეხება კონფლიქტებს უბნელებთან, მუშტამდე საქმე იშვიათად მისულა, უმრავლეს შემთხვევაში კი წყლის პისტოლეტებით და პასტაწამოცმული პლასტმასის ბოთლებით მიდიოდა საბრძოლო მოქმედება, ამ საქმეში დიდი სტრატეგი ვიყავი, ტაქტიკური უკანდახევით მოწინააღმდეგე ბევრჯერ შემოგვიტყუებია ჩვენს ტერიტორიაზე, სადაც მე წყლის შლანგით და ცივი ჭის წყლის ჭავლით ვხვდებოდი.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გასახსენებელია ის ლაღი პერიოდი, რომელიც ჩემს ბავშვობას უკავშირდება.
რატომ გამახსენდა? უბრალოდ არ მინდა დამავიწყდეს დრო, როდესაც ჩემი სამეზობლოს #1 ტერორისტი ვიყავი :))

1 comment:

  1. "ავი დიასახლისი" მომეწონა:)

    ReplyDelete