14 Apr 2010

განა არის სადმე ერი?

ქართველებს ზოგჯერ თავი მოგვაქვს ჩვენი სიმამაცით, სასწაულებრივ მოგებული ბრძოლებით, დიდგორი, ბასიანი და შამქორი ჩვენი სიამაყეა.
ეს მართლაც ასეა, ქართველი ხალხი თავისუფლებისმოყვარე ერია, თუმცა ისევე როგორც ყველა თავისუფლებისმოყვარე ერში ქართველებშიც მოიძებნებოდა თითო მოღალატე და ძალიან ბევრი ლაჩარი.
რატომღაც მგონია რომ ჩვენი ისტორიის დეტალები არ უნდა დავივიწყოთ; დიდგორის ბრძოლის წინ, ქართველთა ლაშქარს დავით მეოთხემ უკანდასახევი გზა მოუჭრა.
ალბათ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ რჩეულ ქართველთა ლაშქარში ძალზე ძლიერი იყო თვითგადარჩენის ინსტინქტი, რის გამოც ყოვეთვის ვიფიქრებთ უკანდასახევ გზაზე და რომ მასზე სხვამ არ გაგავსწროს.
ვფიქრობ, ღალატიც სილაჩრის გამო იყო, ის კი არადა, მგონია რომ, ეს ლაჩარი ამ ღალატის აქტით თავისი ოჯახის, და შეიძლება ქვეყნის გადარჩენასაც ცდილობდა აოხრებისგან.
(ამან იერიქონელი მეძავის, რაჰაბის ამბავი გამახსენა, რომელმაც გასცა ქალაქი და ამით თავისი და სიცოცხლე და ქონება იხსნა, ახლო ნათესავებითურთ)
ერთი მხრივ გასაგებია, მოხდება ბრძოლა, მსხვერპლი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, შეფარდება ათი ერთთან, რომ ბრძოლას მოვიგებთ (ძირითადად ესეთი ბრძოლები გვქონდა ბედად), ასეთ დროს ბევრი იფიქრებს, მოდი მტერს მოვურიგდები, ყველაფერს ხომ არ წამართმევს, სიცოცხლესაც შემინარჩუნებს, ჩემს მიწებსაც და ჩემს ყმებსაც, შეიძლება ზოგი მონად და ზოგი მხევლად წაასხას, შეიძლება ჩემი და მოეწონოს, შეიძლება ძმა მომიკლას, მაგრამ განადგურებას და მოოხრებას ხომ მაინც გადავრჩებიო.
ალბათ ეგ არის ტიპური მოღალატის მთავარი აზრი.
ძალზე გავრცელებული ამბავია, რომ ერეკლეს დაკრძალვის პროცესიაში 40000 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას, როდესაც გადამწყვეტ ბრძოლაში 5000 ძლივს მოუყარა თავი.
ალბათ ნებისმიერი იმ 40000 დან თავს გაუხეთქავდა იმ ადამიანს, ვინც მას ლაჩარს დაუძახებდა.
ალბათ 10–20 წლის შემდეგ ყველა მათგანი ამბობდა, რომ პირადად იღებდა მონაწილეობას თბილისის დაცვაში.
მოდით უფრო აქეთ ვნახოთ, 1921 წელი, რაც მახსენდება, მეფის რუსეთმა ერთადერთი რაც დავიტოვა, ეს იყო საუკეთესო სამხედრო ოფიცერთა შემადგენლობა. შემიძლია ვთქვა, რომ მაზნიაშვილის და კვინიტაძის დარი გენერლები მას შემდეგ არ გვყოლია, ამჟამად არ გვყავს და ალბათ დიდი ხანი ვერ გვეყოლება.
მოკლედ 1921 წელი, თბილისის დაცვა, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებით თბილისი უბრძოლველად იქნა დატოვებული, რათა ფრონტის ხაზი შემოკლებულიყო, მაგრამ მოხდა საოცარი რამე, მცხეთაში ევაკუირებულ სარდლობას ჯარი აღარ დახვდა, სად გაქრა? აორთქლდა? არა, უბრალოდ დაიშალნენ, რადგან არ სჯეროდათ გამარჯვების, რადგან სიცოცხლე უფრო სურდათ ვიდრე თავისუფლება, რადგან ლაჩრები იყვნენ.
შედეგად მივიღეთ საბჭოთა საქართველო.
გახსენებაც არ მინდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტო სულ თვალწინ მიდგას, არმიის საბრძოლო სულისკვეთება ისე დადნა როგორც თოვლი წყალზე და თუმცა ეს ძირითადად არ ხმაურდება, იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევები, ბრძანების გარეშე უკანდახევის, თანამებრძოლების მიტოვების, დეზერტირობის.
არაფერს ვამბობ ხალხზე, რომელიც ქალაქიდან გარბოდა, სხვა ქვეყანაში გადადიოდა, საწვავის რიგში ერთმანეთს ეცილებოდა, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისგან ბევრს ვერ მოითხოვ ალბათ.
მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, პრობლემა სხვა რამეა; ომის შემდეგ ეს ხალხი ისევ დაჯდება და გულზე მჯიღის ცემით სამშობლოს სიყვარულზე დაიფიცებს, იტყვის, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლეს არ დაიშურებს, დალევს გაერთიანებული საქართველოს სადღეგრძელოს, ოღონ მის გაერთიანებას მას ნუ მოსთხოვ :))
ლაჩრების პროცენტული შემადგებლობა :–)) ნამდვილად არ არის ქართველებში სხვა ერებზე მეტი, არც ნაკლებია :(, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად არის გამორჩეული, სანთლით რომ ეძებო მშვიდობიან დროს ლაჩარს წამლად ვერ იპოვი ქვეყანაში, თავზეხელაღებულ გმირებს – რამდენსაც გინდა.
ქართველი ერი ილუზიებით იკვებება, თავი გმირი ჰგონია, ამ დროს კი შეიძლება უბრალო ხმაურმაც კი შეაშინოს.
ეს ერი ომისთვის ნამდვილად არაა მზად და ეს ყველაზე კარგად ჩვენმა მტერმა იცის.
წასულია ჩვენი საქმე

No comments:

Post a Comment