23 Apr 2010

201?

ბევრჯერ გავიგონებთ მოახლოებული აპოკალიფსის შესახებ ხმებს, აგერ აქ არის, მოვიდა აღსასრული. თითქოს მართლაც არის ამის ნიშნები, თუ კარგად დავაკვირდებით ეს ნიშნები არის უკვე თითქმის 2000 წელია. ეს აღსასრული კი არა და არ დგება, მოსაწყენია თითქოს, იფიქრებს კაცი, რახან ამდენი ხანი არ დადგა, რაღა ჩემის სიცოცხლის დრო დადგებაო, ვერაფერს იტყვი, შანსი 50/50–ზე ან დადგება ან არა.
მაგრამ მე იმის გარკვევა ნამდვილად არ მაინტერესებს ბოლო ჟამი მოახლოებულია თუ არა (როგორც ვთქვი თეოლოგიური თვალსაზრისით ეს ბოლო ჟამი კაი ხნის დამდგარია და უკვე ის დროა 4 მხედარი გამოჩნდეს), მე უფრო თვითონ ამ ბოლო ჟამის, აპოკალიფსის, წარღვნის, მოკლედ მსოფლიო კატასტროფის ძირითადი აზრი მაინტერესებს.
როდესაც ადამიანი დგება გარდაუვალი ძალის წინაშე, მისი პიროვნება შიშვლდება იმ ნიღბებისგან და სამოსისგან რითაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში იფარავდა თავს. იგი არც ისეთი თავდაჯერებული და გამბედავი აღმოჩნდება საბოლოოდ. დაუძლეველი ძალის წინაშე ადამიანი კიდევ ერთ თვისებას ავლენს (იმისდა მიხედვით როგორი ზნეობის პატრონია) თუ ზოგიერთი თავის გადარჩენისთვის მზად იქნება სული ეშმაკს მიჰყიდოს, ზოგიერთი კი ზნეობის პრინციპებს იმ შემთხვევაშიც არ უღალატებს, დაპირებული სამოთხეც კი ტყუილი რომ აღმოჩნდეს.
ადამიანისთვის ამ მხრივ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ღმერთის არსებობას, დიდი ხანია მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთ უბედურ დღეს დედამიწა განადგურდება (თუ როგორ ამაზე ვერ შეთანხმდნენ ოღონდ).
იქნება ეს უფლის ხელით თუ ბუნებრივი გარდაუვალი მოვლენა, რეალურად ადამიანი დგება საფრთხის წინაშე და ბუნებრივია, მას სურს გადაარჩინოს მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ.
თუ რა არის ყველაზე ძვირფასი, შეგვიძლია ვიდავოთ, თუმცა მე მგონია, რომ ეს არის სიყვარული.
რადგან ეს ალბათ ერთადერთია რისთვისაც ღირს ადამიანად ყოფნა.
მის გარეშე ურთიერთობას აზრი არ აქვს.
რწმენაც კი, რომელიც ძალას აძლევს ადამიანს, უსიყვარულოდ მკვდარია.
ასე რომ, მომავლის ნუ შეგეშინდებათ თუ თქვენს გულში სიყვარული არის ადამიანის მიმართ, რადგან ერთადერთი რაც ფიზიკის კანონებზე მაღლაა სიყვარულია.
ხანდახან ვფიქრობ, მთელს მსოფლიოში რომ იყოს მშვიდობა, არ იყოს საზღვრები, (ლენონის ""Imagine" მახსენდება) მართლაც მშვენიერი იქნება, თუმცა რომ არ იყოს ომი, ნგრევა და სიძულვილი, ალბათ სიყვარულსაც ფასი დაეკარგებოდა.
მას შემდეგ რაც კარნეგიმ დაწერა თავისი ცნობილი წიგნი, თითქმის ყველა იკრიჭებოდა იმდენად, რომ ნამდვილ ღიმილს ფასი დაეკარგა.
თუმცა მე მაინც მინდა ლენონის არ იყოს, მჯერა, რომ ოდესმე ალბათ მოიშლება საზღვრები, შეწყდება ომები, იქნება მშვიდობა და ალბათ სწორედ მაშინ იქნება საფრთხე, რომ სიყვარულმა დაკარგოს თავისი ძალა, აი ეს იქნება აპოკალიფსი, რადგან ნებისმიერი მცირე უბედურებაც კი გაგვანადგურებს.
წერილის წერა რომ დავიწყე, სათქმელი ბოლომდე არ მქონდა გააზრებული, უბრალოდ გუგლის საძიებო სისტემაში იყო აღნიშნული, რომ დღეს არის დედამიწის დღე და ჩემი აზრებიც აქეთ გაქანდა.
დღეს დედამიწის დღეა, მიყვარს ჩემი სახლი, ჩვენი დედა, ჩვენ კი მისი უძღები შვილები ვართ, არ ვუფრთხილდებით, გავუფრთხილდეთ სანამ გვყავს. არც ისეთი მუდმივია ჩვენ რომ გვგონია.

No comments:

Post a Comment