23 Apr 2010

ღალატის ანატომია

სათაურს ირაკლი გურგენიძეს დავესესხე, იმედია არ მიწყენს, რადგან იმას, რის შესახებაც ვფიქრობ რახანია, სხვა სახელი ვერ მოვუძებნე.
ღალატის აქტი – ეს ადამიანური მანკიერების ერთ–ერთი რიგითი გამოვლინებაა, თუ არჩევანის თავისუფლების ერთ–ერთი სახე?
ქართველებისთვის ალბათ ყველაზე რთული შესაფასებელი ისტორიული პიროვნება უალტერნატივოდ გიორგი სააკაძეა. ჩემთვის კი მისი საქციელი მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ის მიჯაჭვული არ იყო საკუთარ მამულზე, ოჯახზე, მეფეზე, მისთვის უმთავრესი მისი პირადი ჩანაფიქრი იყო. ამ მომენტით ყოველთვის მომდიოდა შედარება სააკაძის ოლივერ კრომველთან თუმცა შეიძლება ეს შედარება ძალიან ზედაპირული იყოს, მაგრამ მიზნების მისაღწევად არჩეული საშუალებების შერჩევაში, მათ შორის ნამდვილად არის საერთო. ჩვენ ვიცით რა ჰქონდა მიზნად კრომველს, სამწუხაროდ სააკაძის მოტივაცია ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მისი მოქმედება ნამდვილად არ ჰგავს კარიერისტის ან მედროვის ქმედებას. ყველა ბრძოლაში პირადი მონაწილება მის სიმამაცეს ამტკიცებს. მისი წასვლა ქვეყნიდან და გადასვლა სპარსეთში მის დიდ ამბიციებს, სავარაუდოდ, როგორც მე (და ბევრი სხვა) ვფიქრობ(თ), სააკაძე სპარსეთში კარიერამ მიიზიდა, რადგან შაჰის კარზე ქართველები საკმაოდ დიდ გავლენას ფლობდნენ. დარწმუნებული ვარ მას არ აწუხებდა ნოსტალგია, ისე როგორც ეს ჩვენს ფილმშია ნაჩვენები :) ნუ ამ მომენტში ეს ჩემი პირადი აზრია :))
ასეა თუ ისე, ყველანაირი ლოგიკით შაჰის მიერ წარმოგზავნილი ჯარის შემადგენლობაში მყოფ გიორგი სააკაძეს თავი უნდა შეეკავებინა ისეთი ქმედებისაგან, რომელიც მას ამ დიდების მწვერვალიდან გადმოუშვებდა. მოხდა საპირისპირო რამ: მარტყოფის ბრძოლაში სააკაძემ უღალატა უკვე სპარსეთის ჯარს და ეს ღალატი ვერ აიხსნება ვერცერთი ანგარებიანი მოტივით, სწორედ ამიტომ ალოგიკურად ჩანს სააკაძის მოქმედებაში.
მოგებული ბრძოლის შემდეგ სააკაძემ თითქმის განჯამდე სდია მტერს, ხოლო შემდეგ დაიწყო მზადება მტრის დასახვედრად. 2 თვეც არ გასულა, ბრძოლა მოხდა მარაბდაზე, საგულისხმოა ერთი დეტალი, სააკაძემ დახმარებისთვის მიმართა ოსმალეთს. ეს დეტალი ერთ რამეზე მიმანიშნებს: როგორც ჩანს მისთვის სიტყვა "მტერი" ძალზე პირობითი იყო, ეს ის ოსმალეთი იყო სააკაძემ სიცოცხლე რომ გაუმწარა და რომლის მებრძოლები უმოწყალოდ ამოხოცა მტკვრის ნაპირას არცთუ ისე დიდი ხნის წინ.
მარაბდის ბრძოლის დროს, ქართველები როგორც ჩანს (და როგორც მოსალოდნელი იყო) არ ენდნენ ახლად მოქცეულ "უძღებ შვილს" და სარდლობა სხვას მისცეს, არ მახსოვს ვინ იყო მარაბდის ბრძოლის დროს ქართველთა სარდალი, მაგრამ ნეტავ ის არ ყოფილიყო, რადგან მსგავსი ზარალი ჩვენს ბრძოლებში არასოდეს მოგვსვლია.
ერთი წელიწადიც არ იყო გასული, რომ დაიწყო სამოქალაქო ომი, ცოტა ხნის წინ მხარდამხარ მეომარნი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ მხარეს თეიმურაზ პირველი, მეორე მხარეს გიორგი სააკაძე. გიორგი სააკაძის ბროლის მოტივი კი შემდეგი იყო: თეიმურაზის დამარცხების შემთხვევაში იგი ქართლ–კახეთის ტახტს სთავაზობდა იმერეთის მეფის გიორგის ვაჟს ალექსანდრეს, რომელიც ამავე დროს იმერეთის ტახტის მეკვიდრეც იყო, იყო ერთობ კარგი შანსი საქართველოს გაერთიანებისა, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად ჯერ ქართველების სისხლი ისევ ქართველებისვე ხელით უნდა დაღვრილიყო, სააკაძემ არც ამაზე დაიხია უკან. თუმცა ბრძოლა წააგო, არავინ იცის რა სახით შემოგვინახავდა მის სახელს ისტორია, ბრძოლა სადმე სხვაგან რომ გამართულიყო და სააკაძეს ემარჯვა. მისი მიზნები და მოტივები უფრო ნათელი გახდებოდა ჩვენთვის. ოლივერ კრომველს გადამწყვეტი ბრძოლა რომ წაეგო, მას გარანტირებული ჰქონდა ჯალათის კუნძი და სამუდამო შერცხვენა, მეფის ტახტის მოღალატის სახელი, რომელმაც გაბედა და მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ გაბედა იარაღის აღმართვა, მაგრამ ამჟამად სულ სხვა სახით ვიცნობთ და ვიცით, რომ არ ყოფილიყო კრომველი, ინგლისის "ლორდ პროტექტორი" არ იარსებებდა დიდი ბრიტანეთი ისეთი როგორიც დღესაა და ალბათ არც ინგლისური იქნებოდა საერთაშორისო ენა.
ისე ცალი თვალით მაინც ჩამახედა იმ პარალელურ სამყაროში, სადაც სააკაძე იმარჯვებს ბაზალეთის ბრძოლაში, ნეტა როგორი აწმყო გვექნებოდა :))
შემდეგი გმირი: დამფუძნებელი მამებიდან ნებისმიერი, თუნდაც ბენჯამინ ფრანკლინი განვიხილოთ (მომწონს ეს კაცი:)), ის რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში რევოლუციურ ომებს უწოდებენ, უბრალო აჯანყების სახელით დამთავრდებოდა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, ეს ბრძოლა შტატების მარცხით რომ დამთავრებულიყო.
სიტუაციას, რომ შევხედოთ, ეს წმინდა წყლის ღალატია, ეს ტერიტორია ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, ანუ ბრიტანეთის სუვერენიტეტის ქვეშ იყო. ტერიტორიებმა გამოაცხადეს დაუმორჩილებლობა, აჯანყდნენ, რაც სუფთა განმარტებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, დამატებით, მათ დახმარებისთვის მიმართეს უცხო ქვეყანას – საფრანგეთს, ეს უკვე სახელმწიფო ღალატის აშკარა ნიშნებს შეიცავს. რომ არა გამარჯვება, დამფუძნებელ მამებსაც იგივე ბედი ელოდათ რაც ოლივერ კრომველს 120 წლით ადრე.
ანუ გამოდის, რომ აშშ მოღალატეების დაარსებულია :))
ვგრძნობ, რომ ასე შეიძლება ჩიხში შევიდეთ, ამიტომ განვმარტავ ჩემს აზრს, რომელიც აქამდე ვცდილობდი მაგალითებით გადმომეცა:
ღალატი არ არის სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლა, ღალატი არის საკუთარი პრინციპების გათელვა რაიმე მიზეზის გამო, შიშის, ანგარების ან ბრმა მორჩილების.
თუ კიდევ უფრო დავიბენით, მაშინ მაგალითი: სტალინი ქართველია, დაბადებული საქართველოში; გამომდინარე ცნობილი მოვლენებიდან, მოღალატეა? ჩემი (და ბევრის) აზრით – არა. ის არასოდეს ყოფილა საქართველოს სახემწიფოს ერთგული და საქართველო, როგორც ასეთი, მისთვის ყოველთვის შედიოდა დიდ რუსეთში.
რუსეთის ელჩი საქართველოში – ჩხიკვიშვილი, მოღალატეა? რა თქმა უნდა არა.
ნელსონ მანდელა – იბრძოდა საკუთარი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ, მათ შორის შეიაღებული გზითაც, მაგრამ დღეს ვერავინ გაბედავს მას მოღალატე დაუძახოს.
და ბოლოს ვისაც ნანახი გაქვთ, გაიხსენეთ ფილმი "ავატარი" :))
მთავარია პრინციპებს ნუ უღალატებთ და თქვენს სახელს არაფერი ემუქრება. :)

No comments:

Post a Comment