14 Apr 2010

კარიერა

ბევრჯერ მიფიქრია კარიერაზე. რას წარმოადგენს იგი? რამდენად დადებითი მოვლენაა ის ჩვენს ცხოვრებაში? არის ეს მიზანი პროგრესის მამოძრავებელი, თუ მხოლოდ სატყუარა?
ნაბიჯი პირველი: პირველი ნაბიჯის გაკეთება ალბათ ყველაზე რთულია, არავინ გენდობა, შენი შესაძლებობა მხოლოდ შენთვის არის ცნობილი, ზოგადად კი ეს მხოლოდ "იქსია", შეიძლება გქონდეს ცოდნა, მაგრამ თან ახლდეს ისეთი კომპლექსები, რომლის გამოც ეს ცოდნა გამოუსადეგარი და ფარული ხდება.
პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ნდობის მოპოვება. არავის უნდა ადამიანი, რომელიც ნდობას, ამ ძალზე ეფემერულ სუბსტანციას არ იმსახურებს. პროფესიონალიზმი ზოგ შემთხვევაში გადადის მეორე პლანზეც კი ნდობის წინაშე.
უნარები და გამოცდილება, ეს ყველაფერი შეიძლება შეიძინო, ამავე დროს ყოველთვის ხდება გამოცდილი კადრის სანდოობა.
ნაბიჯი მეორე: ახალბედებს ყოველთვის მეტს სთხოვენ.
ეს აქსიომაა, თან დამტკიცებული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი, ყველაზე მძიმე პრესში ისინი გადიან, ამავე დროს ძალზე ხშირად ამის ინიციატორები და მოხალისეები სწორედ თვით ახალბედები არიან. ეს არის ნდობის დამსახურების კიდევ ერთ–ერთი საშუალება.
გამოცდილების მატებასთან ერთად, ქრება თავდაპირველი ეიფორია და ნდობის დამსახურების სურვილი. ადამიანი უკვე სხვაგვარად აღიქვამს სიტუაციას.
ძირითადი ნაწილი ინდივიდების რჩება შეურაცხყოფილი იმ დამოკიდებულებით, რომელსაც ის იღებს იმ მსხვერპლის სანაცვლოდ რასაც ის გასცემს. ცივდება დამოკიდებულება, ყველაფერი რასაც აქამდე ჰქონდა დიდი ღირებულება, იქცევა არარად. უფროსები ამ ინდივიდების თვალში იქცევიან უსულგულო არსებებად, რომელთაც არ ადარდებთ თანამშრომლების ბედი.
თუმცა მათ და თითქმის ყველას, თავიდანვე ავიწყდებათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ეს არის კონტრაქტი:
ცივი ანგარიში.
არავინ არის ვალდებული შეასრულოს იმაზე მეტი დაკისრებული სამუშაო, ვიდრე მას ეს ევალება კონტრაქტით.
სამუშაოს დასრულებისთანავე, ან როდესაც ამას ჩათვლის საჭიროდ რომელიმე მხარე, კონტრაქტი წყდება. არავითარი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.
სახარებიდან ერთი იგავი მახსენდება, როდესაც მესმის ანაზღაურებაზე მობუზღუნეთა ხმა:
ვენახის მეპატრონემ დილით დაიქირავა მუშები მთელი დღით 1 დინარად, შუადღისას კვლავ 1 დინარად, საღამოს, როდესაც სამუშაოს დასრულებას ცოტაღა აკლდა ისევ 1 დინარად გაურიგდა რამდენიმეს.
ანგარიშსწორება დაიწყო ბოლოდან, როდესაც დილით დაქირავებულმა მუშებმა ნახეს, რომ სულ ცოტა ხნის მოსულებმა 1 დინარი აიღეს, გაუხარდათ; ჩათვალეს, რომ მათ გაცილებით მეტი ერგებოდათ, რადგან უფრო მეტი იმუშავეს, თუმცა იმედი გაუცრუვდათ, რადგან მათაც იგივე ანაზღაურება მიიღეს. მათ პროტესტზე ვენახის მეპატრონემ მიუგო, ვერავინ მიიღებს იმაზე მეტს, რაც შეპირებული ჰქონდა.
ასე რომ შეიძლება იყო უკმაყოფილო, მაგრამ ნურასოდეს შეხედავ სხვის საზღაურს, შენი შრომის ფასზე მეპატრონეს ესაუბრე, მოითხოვე, მაგრამ მხოლოდ გარიგების დასაწყისში და არა მაშინ, როდესაც სხვის ფასის შემხედვარე ნახავ, რომ რეალურად შეიძლება მეტის დაცინცვლა შეიძლებოდა. ჩემი აზრით საკუთარი შრომის ნაყოფიც კი, საკუთარი ოფლით მოპოვებული პურიც უფლის საჩუქარია.
უმადურობა კი ერთ–ერთი დიდი ცოდვა.
ასე, რომ ბრწყინვალედ დაწყებული კარიერა სულ მალე შეიძლება დამთავრდეს მრავალი სხვადასხვა მიზეზით, ან გაგრძელდეს სხვადასხვა გზით.
მე მართლა არ ვიცი, ერთმნიშვნელოვნად როგორი მოვლენაა ჩვენთვის კარიერული კიბე, თუმცა ეს ალბათ ჩვენზეცაა დამოკიდებული

No comments:

Post a Comment