3 Oct 2010

ნაფიცი მსაჯული

1 ოქტომბერს რუსთავი2 ზე გავიდა პირველი სერია "ნაფიცი მსაჯული", უნდა ვთქვა ეგრევე აზარტში შევედი, თუმცა ჩემი აზრით ზოგიერთი მომენტი ცოტა გადაჭარბებულია, ძირითადი მომენტები არის ემოციებზე, ყველა ნაფიცი მსაჯული რატომღაც აღელვებული და ექსპრესიულია, რა თქმა უნდა ქართველები უმრავლეს შემთხვევაში ასეთები ვართ, მაგრამ... იყო საჭირო ამაზე ხაზგასმა? თუ ეს სერიალი პროპაგანდისტულ და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, რასაც ძირითადად ვგრძნობ, მაშინ მე მგონი ეგ ემოციები ცოტა ჭარბად არის.
როგორც კი პირველი სერია ვნახე, ეგრევე გადმოვიწერე ინტერნეტიდან "12 Angry men" საბედნიეროდ ორიგინალი აღმოჩნდა (მადლობა allmovies.ge), 53 წლის წინ გადაღებულ ფილმს დიდი ინტერესით ვუყურე, რამდენიმე მსგავსებაც აღმოვაჩინე, ასევე დამატებული სიახლეც. ძალიან გამახალისა იმ მომენტმა, როდესაც სათათბირო ოთახში შედიან, ვერ ჩართავენ კონდიციონერს, სიდნი ლამეტის ფილმში ასევე თავიდან არ მუშაობს ვენტილატორი. განსხვავება ის არის, რომ ძველ ფილმში იგრძნობა იმ დროის ტენდენციები, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ნიუ–იორკის სასამართლოში ხდება, ნაფიც მსაჯულებში არცერთი ქალი და არცერთი ფერადკანიანი არ არის.
ჩვენსაში კი ფერადკანიანებზე რა მოგახსენოთ, აი გენდერული ბალანსი კი დაცულია. თან თავმჯდომარედაც საკმაოდ სიმპატიური გოგონაა. განსხვავება არის ასევე ფილმის მოქმედების სცენებში, 1957 წელს გადაღებული ფილმის მოქმედება ერთ ოთახში მიმდინარეობს ძირითადად და ეს სულაც არ აძლევს მაყურებელს მოწყენის საშუალებას, ჩვენს შემთხვევაში სათათბირო ოთახს საკმაოდ მცირე ადგილი უკავია, დამატებულია (თუ არ ვცდები "ფლეშ ბექები", აი შავთეთრად რომ ხდება მოგონების გახსენება) თან ეს ფლეშ–ბექები, შეიძლება არც ეხებოდეს პირდაპირ საქმეს. ასევე პროკურორის და ადვოკატის სიტყვები და მოწმეების ჩვენებები, სრული სიურპრიზი იყო მოსამართლის სადილობის სცენა, მსგავსი საერთოდ რატომ მოაფიქრდათ და რა საჭირო იყო ვერ ვხვდები.
საბოლოო ჯამში კი მე (და იმედია სხვებიც), ძალიან დავინტერესდი ამ მოვლენით, რომელიც მართალია ჯერ მხოლოდ თბილისში იქნება, მაგრამ მხოლოდ ჯერ–ჯერობით. მინი გამოკითხვის შედეგად (ჩემს მეგობრებში) აღმოვაჩინე, რომ ნაფიცი მსაჯულების შემოღებას საკმაოდ ბევრი ადამიანი კრიტიკულად შეხვდა, ბევრი თვლის, რომ ეს ინსტიტუტი არ გაამართლებს და არგუმენტებიც მოჰყავთ, მაგალითად ის, რომ რეგიონებში საკმაოდ რთული იქნება მიუკერძოებელი ადამიანის ამორჩევა, თან თორმეტის. ასევე ის, რომ დაცვის ან პროკურორის ორატორულმა ნიჭმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მსაჯულებზე და მათაც ემოციური განწყობის ქვეშ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღონ.
წარმოიდგინეთ მაგალითად, ფოთის სასამართლო, სადაც გაუპატიურების+მკვლელობის საქმე ირჩევა, ხოლო ბრალდებული არის ეროვნებით თურქი, რამდენად ობიექტურები იქნებიან მსაჯულები?
მოკლედ დილემის წინაშე ვართ, ერთის მხრივ ნაფიცი მსაჯულები უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას, მეორეს მხრივ კი დაზღვეული კვლავ არავინაა, რომ მსაჯულები არასწორ განაჩენს დადებენ.
რას ვიზამთ, მსაჯულებს ერთადერთი მოეთხოვებათ, რომ საქმე გადაწყვიტონ საკუთარი შინაგანი რწმენით.
ერთი იდეა დამებადა, ან იქნებ უკვე არის ეს სადმე პრაქტიკაში, ნაფიცი მსაჯულები თავიდანვე რომ შეიყვანონ სათათბირო ოთახში და პროცესის დასრულების შემდგომ შეუტანონ ჩანაწერი (ტექსტური, აუდიო), ასევე მათ რომ არ იცოდნენ განსასჯელის და დაზარალებულის ვინაობა (სახელი, გვარი) მე მგონი ეგ უფრო ობიექტური იქნებოდა, არა? რა ვიცი :)

No comments:

Post a Comment