14 Oct 2010

ღვინის შესახებ (ნაწილი პირველი)


დღეს სვეტიცხოვლობაა, ხუთშაბათი დღე, გონებაში დილიდანვე მომდის აზრები სვეტიცხოვლის შესახებ, მისი ისტორიის და მასთან ასოცირებული ადამიანების ბედის შესახებ. ხუროთმოძღვარი არსუკისძე, მეფე გიორგი პირველი, მანამდე არსებული ხის ეკლესია რომელიც მეფე მირიანმა ააგო, სავარაუდოდ ბაზილიკის ტიპის იყო და გაცილებით მომცრო ვიდრე დღეს არსებული ტაძარი...
თუმცა ვინ გაცალა დღესასწაულზე ფიქრი, მამაჩემმა რადგან სახლში დამიგულა (სვეტიცხოვლობა ოფიციალური სახელმწიფო დასვენების დღეა) სასწრაფოდ საქმე მომინახა, რადგან სხვა დღეებში ამისთვის ვერ ვიცლით ის რამდენიმე მტევანი უნდა მოგვეკრიფა ჩვენს რამდენიმე ძირ ვაზს რომ შემორჩენოდა, ხათრი ვერ გავუტეხე და საქმეს შევუდექი, თუმცა უნდა ითქვას დასაკრეფი დიდი ვერაფერი იყო, ჯერ ისედაც აქაური ყურძენი რა არის, მით უმეტეს ვერც გასხვლისთვის მოვიცალე წელს და ვერც შესაწამლად, მოკლედ ძალიან ცუდი მოსავალია.
მართალი რომ ვთქვა გული არ დამწყვეტია, რადგან როცა წელს ვიწყვეტდი და თავს ვევლებოდი, არც მაშინ იყო გადასარევი მოსავალი. ასე თუ ისე, ფორმალურად მაინც დავიწყე საათნახევრიანი რთველი :)
უცნაურია, მაგრამ რთველის დროს ყოველთვის ვფიქრობ (მეფიქრება) სახარების სხვადასხვა ეპიზოდებზე, ეხლაც, ამ მწირი მოსავლის შემყურეს უნებურად გამახენდა სახარების ერთი ეპიზოდი, არ მახსოვს რომელი მახარობლის წიგნშია მოთხრობილი, საუბარი მაქვს სასწაულზე კანაში. იმაზე საუბარი, თუ როგორი გონების ჯაჭვები დავგრიხე, სანამ აქამდე მივიდოდი შორს წაგვიყვანს, თუმცა ამ ეპიზოდის შინაარსი ახლებურად დავინახე, პირველი დეტალი: რატომ შემოაკლდა ღვინო მასპინძელს? მას ხომ ქორწილი ჰქონდა? ეს არ არის ისეთი ზეიმი, რომელიც სახელდახელოდ იმართება, სტუმრებიც წინასწარ მოწვეულნი არიან, ხოლო ის ფაქტი, რომ მარიამ ღვთისმშობელი იესოსთან მივიდა და ჩუმად სთხოვა რამე გაეკეთებინა, მოწმობს ერთ ფაქტს, რომ ისრაელში, ისევე როგორც ჩვენთან ღვინის დამთავრება შუა სუფრაზე დიდი სირცხვილია, ასევე სავარაუდოა რომ იესო ნათესავი იყო ამ ადამიანის და მასაც არ ესიამოვნა ეს ფაქტი, რაც გამოვლინდა კიდეც მის უხეშ პასუხში, აშკარა უარში, რომ ის არაფერს იღონებდა მასპინძლის დასახმარებლად, თუმცა საბოლოოდ მაინც სასწაულებრივად აქცია წყალი ღვინოდ და ძუნწი მასპინძელი გადაარჩინა მოსალოდნელ გაკიცხვას. რა დასკვნა გამოვიტანე?
მასპინძელი (სავარაუდოდ იესოს ნათესავი) ძუნწი ადამიანი იყო, ამასვე მოწმობს სუფრის თამადის (თუ ვინც იყო:) სიტყვები: "ჯერ კარგი ღვინო შემოაქვთ დასათრობად და მერე ცუდი, შენ კი ჯერ ცუდი შემოგვიტანე და ბოლოსკენ კარგი შეგინახავსო", რა იცოდა თამადამ, რომ ის ცუდი ღვინოც არ იყო საკმარისი :), იესოს პასუხიც, როგორც აღვნიშნე, მოწმობს, რომ იგი მიხვდა ღვინის ხარისხსაც, ხოლო ღვინის სიმცირის შესახებ ამბის გაგებისას, აშკარად არ ჰქონდა სურვილი დახმარების, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დაეხმარა და ეს ძუნწი ადამიანი რთული მდგომარეობიდან იხსნა.
რა იყო ამის მიზეზი? არ ვიცი, ნათესაური დამოკიდებულება? მარიამ ღვთისმშობლის თხოვნა? ფაქტი ერთია, იესოს ნათქვამიდანაც და გარემოებიდანაც გამოდინარე მიზეზი არ იმსახურებდა სასწაულს, მაშ რატომ?

No comments:

Post a Comment